სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საიას საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო – დავა სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდა

სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საიას საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას საია ავრცელებს.

“სასამართლო ხაზგასმით გვამცნობს, რომ საჩივარს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს. საქმე ეხება კენჭისყრის ფარულობის მასობრივად დარღვევას. საია საზოგადოებას საქმის დეტალებს ხვალ გააცნობს”, – აცხადებენ საიაში.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომლითაც ოფიციალურად „ქართულმა ოცნებამ“ 53.932% მიიღო, არცერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს. ყველა მათგანი გაყალბებების შესახებ საუბრობს.

ამასთან, საარჩევნო დარღვევებზე დავობენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ყველა იმ უბნის (2263) შედეგის ბათილად ცნობა მოითხოვა, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.

ერთადერთი სასამართლო, სადაც საიას სარჩელი დაკმაყოფილდა, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო იყო. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ სასამართლო პროცესზე ჩატარებული ექსპერიმენტით ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. თუმცა მისი ეს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. დანარჩენ შემთხვევებში სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებები. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების საარჩევნო საჩივრებიც.

ამით საერთო სასამართლოებში პროცესი ამოიწურა.

დავა სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდა.