სტრასბურგის სასამართლომ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები გაიზიარა და შედეგად, რუსეთს 29 000-ზე მეტი დაზარალებული საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდა დაევალა.
მეოთხე სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ეხება ადმინისტრაციული საზღვრების „ბორდერიზაციას“ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 2024 წლის 9 აპრილს გამოიტანა, დღეს კი კომპენსაციის ოდენობა განსაზღვრა.
„დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეების ლოგიკური გაგრძელებაა…
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება.
აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს“, — აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.
ეს საქართველოს ინიციირებული მეოთხე სახელმწიფოთაშორისი დავაა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 31 იანვარს გამოაცხადა გადაწყვეტილება და რუსეთის ფედერაციას დააკისრა 10 000 000 ევროს გადახდა იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რაც 2006 წელს რუსეთიდან 1 500 ადამიანის დეპორტაციას უკავშირდება.
2021 წლის 1-ელ იანვარს გამოცხადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) დიდი პალატის გადაწყვეტილება აგვისტოს ომის სახელმწიფოთაშორის დავაზე „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ”. სასამართლომ დიდწილად გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის ფედერაციის მიერ კონვენციის ისეთი მუხლების დარღვევა, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, გადაადგილების თავისუფლება, ასევე თქვა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია პროცედურულ დარღვევებზეც, ვერ უზრუნველყო რა ეფექტიანი გამოძიება და სასამართლოსთან თანამშრომლობა.
რაც შეეხება მესამე საქმეს, საჩივარი ეხებოდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უწყებების მიერ 4 ქართველი არასრულწლოვანის დაკავებას. სასამართლომ საქმის განხილვა 2010 წელს შეწყვიტა, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების შეტყობინების საფუძველზე, რომ დაკავებულები უკვე გათავისუფლებული იყვნენ და საქმის გაგრძელების საჭიროება არ არსებობდა.
ვადაგადაცილების მიუხედავად, რუსეთს ამ დრომდე არ გადაუხდია დეპორტირებულებისა და აგვისტოს ომის საქმეებზე დაკისრებული კომპენსაცია.
