სტრასბურგის სასამართლომ მღვდელმთავართან დავაში რამიშვილის უფლების დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.
სტრასბურგის სასამართლოს პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ქართულმა სასამართლოებმა ვერ დაიცვეს ცნობილი ადვოკატის რეპუტაცია სასულიერო პირის მხრიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერებული ბრალდებებისგან და მიხეილ რამიშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი — პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.
საქმე ეხებოდა სამოქალაქო დავას ცილისწამების შესახებ, რომელიც მიხეილ რამიშვილმა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობიშვილი) წინააღმდეგ წამოიწყო. რამიშვილმა ქორეპისკოპოსს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა მას შემდეგ, რაც იაკობმა ის მოიხსენია როგორც „მაბეზღარა ადამიანი” და „სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჩანერგილი აგენტ-პროვოკატორი, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა ყოფილ მაღალჩინოსნებს”.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარეპისკოპოს იაკობს მიხეილ რამიშვილთან დაკავშირებული ცილისმწამებლური განცხადების საჯაროდ უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის სიმბოლურად 1 ლარის გადახდა დააკისრა. თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა, მიიჩნია რა, რომ სადავო განცხადებები წარმოადგენდა მეუფე იაკობის პირად მოსაზრებას, რამაც ხელი შეუწყო იმ დროისთვის მნიშვნელოვან საჯარო დისკუსიას და მიხეილ რამიშვილს, როგორც საჯარო ფიგურას, მათი მოთმენა მართებდა. უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციოს გადაწყვეტილება და მიუთითა, რომ რამიშვილმა ვერ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები მთავარეპისკოპოს იაკობის ბრალდებების გასაბათილებლად.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სასულიერო პირის განცხადებები გაკეთდა საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე (რეზონანსული სისხლის სამართლის საქმე) და თავად მომჩივანიც საჯარო პირი იყო, რის გამოც მას სხვების აზრის მიმართ თმენის მაღალი ვალდებულება მართებდა. თუმცა, მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები იყო უკიდურესად სერიოზული და კონვენციით დაცვისთვის მათ მყარი ფაქტობრივი საფუძველი უნდა ჰქონოდათ. ნაცვლად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს გამოეკვლიათ, არსებობდა თუ არა ასეთი საფუძველი, მათ მტკიცების ტვირთი მომჩივანს დააკისრეს, რათა მას უარეყო მის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები.
შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოებმა ვერ დაიცვეს სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, რამიშვილის ღირსებისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლებასა და, მეორე მხრივ, სასულიერო პირის გამოხატვის თავისუფლებას შორის.
„ეროვნულ სასამართლოებს არ გამოუკვლევიათ, არსებობდა თუ არა საკმარისი საფუძველი რამიშვილისთვის „ჩანერგილი პროვოკატორის“ წოდებისთვის. მათ უბრალოდ ჩათვალეს, რომ ნებისმიერი მოსაზრება („შეფასებითი მსჯელობა“) აბსოლუტური დაცვით სარგებლობდა. ასევე, სასამართლოებს არ დაუდგენიათ ფაქტობრივი საფუძველი ბრალდებაზე, თითქოს რამიშვილი სხვა რეზონანსულ საქმეზე (ე.წ. „გირგვლიანის საქმე“) ინფორმაციას აწვდიდა სპეცსამსახურებს.რამიშვილმა წარადგინა მტკიცებულებები, რომ იგი პროფესიონალურად მოქმედებდა, მაშინ როცა მამა იაკობს თავისი ბრალდებები საერთოდ არ დაუსაბუთებია. უზენაესმა სასამართლომ მტკიცების ტვირთი რამიშვილს დააკისრა, მიუხედავად ბრალდებების სერიოზულობისა და მათთვის ფაქტობრივი საფუძვლის არარსებობისა. ამგვარად, დადგინდა მე-8 მუხლის დარღვევა“, — ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ მომჩივანს უნდა გადაუხადოს 4 500 ევრო მორალური ზიანისთვის და 5 000 ევრო ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად. აღსანიშნავია, რომ ეს კომპენსაცია საქართველოს სახელმწიფოს გადასახდელია და არა — მთავარეპისკოპოსი იაკობის.

ასევე დაგაინტერესებთ