“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იუწყება, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა ორგანიზაციის წარდგენილი საჩივარი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევას ეხება.
საია დავობს, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი – თავისუფალი არჩევნების უფლება.
ორგანიზაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის წარდგენილ საჩივარში აღნიშნულია, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ „მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი“.
ამასთან, საიას თანახმად, საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება.
ასოციაციის ცნობით, საჩივარში მითითებულია ისიც, რომ ქვეყნის ადგილობრივ კანონმდებლობაში არსებობს „ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს“ და იგი „არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს“.
საიას შეფასებით, ეს საჩივარი „პრეცედენტულია“:
„ეს სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, კონვენციის ჭრილში შეაფასოს როგორც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა, ისე არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის სისტემის სამართლიანობა“, – განაცხადა ორგანიზაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ 20 მარტს.
საიამ ყველა იმ ოლქში, სადაც ხმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცეს – ასეთი 73 ოლქი იყო, – შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. 73 ოლქში ასეთი საარჩევნო უბნების რაოდენობა 2263 იყო.
ორგანიზაციას მიაჩნდა, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.
ამის საფუძველი იყო ბიულეტენზე მარკერის სითხის „გაჟონვა“ უკანა მხარეს – რის შედეგადაც ბიულეტენებში ასახული არჩევანის ამოცნობა შესაძლებელი იყო, მათ შორის – ბიულეტენების მთვლელ მანქანაში შეცურების მომენტში.
არჩევნების შემდგომ დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციების პარალელურად, თეთრ თაბახზე დახატული შავი წრე კი გაჟონილი ბიულეტენებისა და არჩევნების გაყალბების სიმბოლოდ იქცა.
ხმის მიცემის ფარულობა საქართველოში კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია.
ფორუმი
