პროკურატურის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს დავალებით 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებენ.
როგორც პროკურატურა აცხადებს, ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულების მონაწილეობით, ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებებია.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე,დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება,მათ შორის დაზარალებულთა მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ღონისძიების სწორად დაგეგმვის და ძალის გადამეტების დადგენის მიზნით.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად დაზარალებულების მონაწილეობით ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოახდინოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოსვლას აპროტესტებდნენ.
პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.
სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე (26 პირის საქმე) გადაწყვეტილება 2024 წლის 7 მაისს გამოაცხადა. სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა და მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს, ჯამში, 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ მუხლებთან მიმართებით აღინიშნა, რომ დარღვევები სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება.
თუმცა სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებით გარანტირებულ უფლებათა მატერიალური ნაწილების დარღვევა. მომჩივანმა მხარემ 1 აგვისტოს სასამართლოს საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის თხოვნით მიმართა, რაც დაკმაყოფილდა.
2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრების განხილვა დიდი პალატის წინაშე გაგრძელდება.
