ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ ტელეარხ Das Erste-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში ვითარებას კრიტიკული უწოდა. „ცუდი ამბებისთვის უნდა მოვემზადოთ. კონფლიქტები ეტაპობრივად ვითარდება. მაგრამ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ როგორც ცუდ, ისე კარგ დროს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. მან აღიარა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ვერ მოახერხეს კიევისთვის საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალის მიწოდება.
სტოლტენბერგმა არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ უნდა მოიქცეს ახლა უკრაინის არმია. ნატოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რთულ გადაწყვეტილებებს უკრაინის ხელმძღვანელობა და სამხედროები იღებენ.
ნოემბრის დასაწყისში ჟურნალმა The Economist-მა გამოაქვეყნა ინტერვიუ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ვალერი ზალუჟნისთან. მან აღიარა, რომ ომი ჩიხში შევიდა და საბრძოლო მოქმედებები შეიძლება გაჭიანურებულ პოზიციურ ომში გადაიზარდოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზალუჟნის ინტერვიუს შემდეგ აღნიშნა, რომ სიტუაციას ჩიხურად არ მიიჩნევს, მაგრამ აღიარა, რომ ბრძოლის ველზე ვითარება კვლავაც რთულია.
ამასთან, როგორც ზალუჟნის, ასევე ზელენსკის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ მათ სჯერათ უკრაინელი სამხედროების შესაძლებლობისა, განახორციელონ წარმატებული შეტევა, თუ უკრაინას მიაწვდიან საკმარისი რაოდენობის იარაღს და საბრძოლო თვითმფრინავებს.
ცოტა ხნის წინ Associated Press-თან საუბარში ზელენსკიმ თქვა, რომ შეიარაღების ნაკლებობის გამო უკრაინამ სასურველ შედეგს ჯერ ვერ მიაღწია. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევი დარწმუნებულია თავის ქმედებებში და არ აპირებს კაპიტულაციას. ზელენსკიმ ასევე გაიხსენა, რომ მსოფლიო საზოგადოების ყურადღება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზეა გადატანილი.
ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს გაუგზავნა ადრე გამოცხადებული მოთხოვნა 105 მილიარდ დოლარზე მეტი თავდაცვითი დახმარების თაობაზე. აქედან 61,4 მილიარდი დოლარი უკრაინისთვის იყო განკუთვნილი, 14,3 მილიარდი დოლარი – ისრაელისთვის. ჯერჯერობით კონგრესმა მხარი არ დაუჭირა ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნას. შეერთებულმა შტატებმა აღიარა, რომ ამის გამო უკრაინისთვის დახმარების პაკეტები შემცირდა, აღნიშნავს რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა გაზაფხულზე გამოაცხადა სამფაზიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი უკრაინას 12 თვის განმავლობაში მილიონ საარტილერიო საბრძოლო მასალას მიაწვდის, ჯერ – არსებული მარაგების გამოყენებით, შემდეგ კი – ერთობლივი შესყიდვების კონტრაქტებითა და წარმოების გაზრდით. წლის ბოლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ვერ ასწრებს ამ მოცულობის გეგმების შესრულებას. თუმცა ბორელმა თქვა, რომ ეს რჩება „პოლიტიკურ მიზნად“.