NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების პირობები დაასახელა.
ბრიუსელში პრესკონფერენციის დროს ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ უკრაინის საქმე არ არის საკუთარი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა, არამედ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
“და ეს არ არის უკრაინის შეთავაზება. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ის არ არის კეთილსინდისიერი წინადადება და ფაქტობრივად ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციას სურს, მიაღწიოს თავის სამხედრო მიზნებს ბევრად უფრო დიდ ტერიტორიაზე, ვიდრე ამ დრომდე აქვს ოკუპირებული”, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მორიგი დემონსტრირებაა იმის, რომ რუსეთი ისწრაფვის უკრაინის კონტროლისკენ და ეს რუსეთის მთავარი მიზანია ომის დაწყების პირველივე დღიდან, რაც მისივე თქმით, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
“და აი, ამიტომ აგრძელებს NATO უკრაინის მხარდაჭერას”, – დასძინა გენერალურმა მდივანმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს, 14 ივნისს თქვა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომის შეწყვეტას და მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდება, თუ უკრაინა დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკებიდან, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ჯარებს გაიყვანს და NATO-ში გაწევრიანების გეგმაზე უარს განაცხადებს.
“უკრაინელმა ჯარისკაცებმა სრულად უნდა დატოვონ დონეცკის, ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები – აქვე, ყურადღებას ვამახვილებ, რომ: საუბარია მთლიან ტერიტორიაზე ამ რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, რომლებიც მათი უკრაინის შესვლის მომენტისთვის არსებობდა.
როგორც კი კიევი განაცხადებს, რომ მზად არის ამ გადაწყვეტილებისთვის და დაიწყებს ჯარების რეალურ გაყვანას ამ რეგიონებიდან, ასევე ოფიციალურად შეგვატყობინებს უარს NATO-ში გაწევრიანების გეგმებზე – ჩვენი მხრიდან მყისიერად, იმ წუთშივე გაიცემა ბრძანება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ”, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.