სტოკჰოლმის ცენტრში პარასკევს, 14 ნოემბერს, მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის ცენტრში პარასკევს, 14 ნოემბერს, მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა. შვედეთის დედაქალაქის პოლიციის ცნობით, ქალაქის ჩრდილოეთით, უნივერსიტეტის კამპუსთან ახლოს, ხალხმრავალ ქუჩაზე ავტობუსი ხალხს დაეჯახა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, ასაკი და სქესი ჯერ არ არის ცნობილი.
გამოცემა Aftonbladet-ის დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა დაღუპული იყოს სამი ადამიანი და რამდენიმე დაშავებული.
შვედური მედიის ცნობით, ორსართულიანი ავტობუსი დღისით შეეჯახა ავტობუსის გაჩერებას. რადგან ავარიის დროს ის მარშრუტზე არ იმყოფებოდა, მასში არ იყვნენ მგზავრები. ტელეარხ SVT-ის კადრებში ჩანს ადგილზე უამრავი სასწრაფო დახმარების მანქანა, მეხანძრე და პოლიცია.
ავარია მოხდა მეტროს სადგურ Tekniska högskolan-ის მახლობლად, რომელთან ახლოსაც მდებარეობს სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი KTH. ბევრი ადამიანი სამუშაო კვირის დასრულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა.
პოლიციამ საქმე აღძრა გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლით, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრაგედიის მიზეზი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დადგენილი. SVT-სა და Expressen-ის ცნობით, ავტობუსის მძღოლი დაკავებულია.
პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა სამძიმარი გამოუცხადა მსხვერპლებსა და მათ ოჯახებს.
ფორუმი