მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება, – ამის შესახებ გეოლოგების მიერ მომზადებულ დასკვნაში ვკითხულობთ „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა.
დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში 15 საათსა და 10 წუთზე ადგილი ჰქონდა კატასტროფული მასშტაბის გლაციალური ღვარცოფის გავლას, რომელმაც გამოიწვია კურორტ შოვის სრული ნგრევა, საავტომობილო გზების, ხიდების, ელექტრო გადამცემი ხაზების მწყობრიდან გამოსვლა, შოვის მინერალური წყაროების გამოსავლების დაზიანება და, რაც ყველაზე სავალალოა, ადამიანთა მსხვერპლი.
გეოლოგები წერენ, რომ მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ჩასახვა-გააქტიურების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
მათი რეკომენდაციით, „მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება, რეკომენდებული არ არის.
საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26ჰ) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალში უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები.
იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული მყინვარული ხეობებიდან მომდინარე საფრთხის შედეგად შესაძლო ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ეკონომიკური ზარალი, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეებისა და რისკების შეფასება (რისკების ზონირება), რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება“, – ნათქვამია კვლევაში.