სტიქიის გამო, ფოთის სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა

ფოთში სტიქიის გამო, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დატბორილია გზები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 2024 წლის 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე“, – ნათქვამია ს მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფოთში, მესამე დღეა სტიქია გრძელდება. მერიის ინფორმაციითვე, გუშინ საღამოს განმეორდა ქარბორბალა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
“ამ დროის მონაცემებით, ნაბადის უბანში ქარბორბალას შედეგად 13, წვიმის შედეგად კი 23 ოჯახი დაზიანდა. ცენტრის უბანში დაზარალებულია – 45 ოჯახი, კუნძულის უბანში ქარბორბალას შედეგად 3 ხოლო წვიმის შედეგად 20 ოჯახია დაზარალებული. მალთაყვის უბანში ქარბორბალას შედეგად დაზიანდა 30 საცხოვრებელი სახლის სახურავი, დატბორვის შედეგად კი 80 საცხოვრებელი სახლი.
შეტყობინებების შემოსვლა და ზარალის ოდენობის დათვლა გრძელდება. დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციები უმოკლეს პერიოდში გაიცემა.
მერიის შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ მუშაობას ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად და შემდგომი დღეების განმავლობაშიც აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები.” აცხადებს მერია.

ასევე დაგაინტერესებთ