საქართველოში დიდთოვლობას ჯერ კიდევ ებრძვიან. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე რეგიონში, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა აჭარის, გურიის და იმერეთის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეთა ნაწილი ისევ მოწყვეტილია გარე სამყაროს. მოსახლეობის დახმარებას ცდილობენ მოხალისეები, მაშველები და ჯარისკაცები. ოჯახების ნაწილს ისევ არ მიეწოდება გაზი, დენი და წყალი, არა აქვთ მედიკამენტები და საკვები. იმ ადგილებში, სადაც ვერ შედიან, მოხალისეები დრონების დახმარებით ცდილობენ ჩარჩენილებს საკვები და წამალი მიაწოდონ. რამდენიმე სახლი ჩაინგრა და ჯერ არავინ იცის, ზარალი რა მასშტაბის იქნება… სპეციალისტები უკვე საუბრობენ ახალ საფრთხეებზე, მოსალოდნელ მეწყერსა და წყალმოვარდნებზე. ითქვა ისიც, რომ რამდენიმე ადგილას მეწყერიც ჩამოწვა, ამიტომ დარგის სპეციალისტები ხალხის დასახმარებლად ჩასულებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. როგორ უნდა გავუმკლავდეთ სტიქიას, როგორი მომზადებული უნდა შეხვედროდნენ მუნიციპალიტეტები ამ პრობლემებს, “კვირის პალიტრას” ესაუბრება გარემოსდამცველი, “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე:
– დიდთოვლობა რომ იყო მოსალოდნელი, ინფორმაცია არსებობდა და მუნიციპალიტეტები ორგანიზებული უნდა ყოფილიყვნენ. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა იყოს რეაგირების გეგმები, უნდა ვიცოდეთ, რა საფრთხე გვაქვს ქვეყანაში და მზად უნდა ვიყოთ. ყველა საფრთხე სცენარებით უნდა იყოს გაწერილი. ვინ როდის, როგორ და რას გააკეთებს, ვინ არის პასუხისმგებელი პირი, სად რეკავს ასეთ დროს მოსახლეობა, ინფორმაცია სად გროვდება და ა.შ. ჩვენ ასეთი სისტემა აწყობილი არა გვაქვს. არადა, ყველა სოფელში რამდენიმე მოხალისე უნდა იყოს მომზადებული და ხალხს ეცოდინება, ვინ არიან სოფლების თავკაცები, რომლებსაც უნდა მიმართონ, როგორ უნდა მოიქცნენ, რით უნდა მომარაგდნენ. ეს რთული და შრომატევადი საქმეა, მაგრამ აუცილებელი. არის სცენარები, რომლებიც სპეციალურად მუშავდება ყველა ქვეყანაში, რადგან ყოველთვის არის საფრთხე, რომ რაღაც მოხდება. რაც მთავარია, აუცილებელია სწრაფი მოქმედება. თუ მობილიზებულია მუნიციპალიტეტი და იცის, რა უნდა გააკეთოს, მარტივი იქნება სტიქიასთან გამკლავება. გურიაში არც ერთი მუნიციპალიტეტი არ აღმოჩნდა მზად, ტექნიკა არა აქვთ, ამიტომაც ვერ იმოქმედეს უფრო სწრაფად. გზები დროზე რომ გაწმენდილიყო, პრობლემაც ნაკლები იქნებოდა.
პრობლემაა ისიც, რომ შეტყობინების სისტემა გამართული არ არის. სოფლებში უმეტესად მოხუცები არიან, ისინი არც კითხულობენ შეტყობინებას, ზოგს შეიძლება არა აქვს მობილური ტელეფონი. ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებას ევალება მათი ინფორმირება. დიდი პრობლემაა ტექნიკის უქონლობა. საგანგებო მდგომარეობის დროს, ღვარცოფი იქნება, მეწყერი, დიდთოვლობა თუ სხვა რამ, მძიმე ტექნიკა აუცილებელია. არის სოფლები, სადაც ამდენი დღეა ჯერაც ვერ მიაღწიეს. თოვლის საფარი ძალიან მაღალია, ყველგანმავალი მანქანა კი ძალიან ცოტა. შეიძლება სახელმწიფოს ამხელა რესურსი ყოველთვის არ აღმოაჩნდეს, მაგრამ ნორმალურ ქვეყნებში ყველა მოხალისე, ვისაც ჰყავს მაღალი გამავლობის მანქანა და შეიძლება დაიხმარონ, აღრიცხულები და მომზადებულები არიან და საჭიროების შემთხვევაში ყველა იწყებს მოქმედებას.
ბუნებრივი კატასტროფებისას მარტო ხელისუფლება არ მოქმედებს, მოქმედებენ მოხალისეებიც. ასეთ ხალხს, ვინც სახელმწიფოს ეხმარება, სპეციალურად კონკურსებს, შეჯიბრებებს უწყობენ, რომ უფრო წაახალისონ, უფრო კარგად იყვნენ მობილიზებული და მომზადებულები.
– არსებობს პროტოკოლი ასეთ დროს როგორ უნდა მართო სიტუაცია?
– წესით, უნდა არსებობდეს გეგმა. გურია ამას მიჩვეული არ იყო და მობილიზებაც არ იყო სათანადო. უკვე დიდი თოვლია, 2 მეტრზე ზემოთ, და გაკვალვა ძალიან რთულია. თოვას ემატება ძლიერი ქარბუქი, რომელმაც შეიძლება სახლებს სახურავები ახადოს, თან დასავლეთ საქართველოში უმეტესად ხის სახლები აქვთ. თოვლს ყინვაც ემატება და სახურავები უფრო მძიმდება. სოფლებში ახალგაზრდები თითქმის არ არიან და მოხუცები სახლების გადათოვლას ვერ ახერხებენ. ჩვენი უსაფრთხოების საბჭო მხოლოდ გარე საფრთხეებს კი ნუ ელოდება, შიდა საფრთხეებიც უნდა მართოს. ამისთვის მათ ტრენინგებიც გავლილი აქვთ, თავის დროზე მოწყობილობაც აუწყვეს. რატომ არ აამოქმედეთ ეს ყველაფერი? რატომ არ გამოვიტანეთ დასკვნები თუნდაც ვერეს ხეობის ტრაგედიიდან?
არის სხვა პრობლემებიც, კერძოდ, მეწყერსაშიში ზონები. როგორც კი თოვლი ალაგდება, მონიტორინგის ჯგუფები მუნიციპალიტეტებში უნდა იყვნენ მზად და პირველივე ეჭვის შემთხვევაში უნდა მოახერხონ მოსახლეობის გამოყვანა ან შესაბამისი ღონისძიებები, რომ დიდი რაოდენობით წყალი არ დაგროვდეს და მეწყერი არ ჩამოწვეს. უნდა გაკეთდეს დამბები, ნაპირგამაგრებები, კალაპოტები სუფთა უნდა იყოს.
– დიდი პრობლემა შეიქმნება ალბათ, გაზაფხულზე, როცა თოვლი დაიწყებს დნობას.
– დიახ, დიდთოვლობის მერე პრობლემა მეწყერი იქნება. გურია ისედაც მეწყრულია. თუ თოვლი ნელ-ნელა დადნა, კიდევ არა უშავს, მაგრამ თუ ჯერ დაადნო და მერე მოყინა, საშინელება იქნება.
სადაც არის შესაძლებელი რომ ჩამოწვეს მეწყერი, ყველა ზონა იდენტიფიცირებულია. რეგიონებში გეოლოგები მუშაობდნენ და ყველა მუნიციპალიტეტს აქვს ინფორმაცია. უპირველესად, სპეციალისტი ჰყავთ დასაქირავებელი, რომელმაც ეს ინფორმაცია უნდა წაიკითხოს და კარგად გაწეროს რეაგირების გეგმა. ამ სიტუაციამ დაგვანახა, რომ მოუმზადებლები შეხვდნენ სტიქიას. არ არის სავალდებულო, მაინცდამაინც მუნიციპალიტეტის ეზოში იყოს განთავსებული მძიმე ტექნიკა, უნდა იცოდნენ ასეთ დროს როგორ შეიძლება მისი მობილიზება.
მაგალითად, ტყის ხანძრის ჩაქრობა მოსახლეობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. ხალხმა იცის, ამ დროს რა უნდა გააკეთოს, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა საქმეში არ ჩართეს სოფლის მოსახლეობა, რომელიც უფრო ოპერატიულია და არ აძლევს საშუალებას ხანძარს გაღვივდეს.
– რატომ ვუშვებთ შეცდომებს თუნდაც მას შემდეგ, რაც იყო შოვში, ვერეს ხეობაში?
– ცოტა მეტად დაუჯერონ ექსპერტებს, პროცესებში უნდა ჩართონ სპეციალისტები. მაშინ აღარ დავუშვებთ შეცდომებს.
ვერეს ხეობის ტრაგედიის მერე სახელმწიფოს შვეიცარიელები დაეხმარნენ და მოამზადეს სპეციალური სქემები, მაგრამ ეს დოკუმენტი არც განგვიხილავს, შემოვდეთ თაროზე და დავივიწყეთ. არადა, შვეიცარიას დიდი გამოცდილება აქვს. ისინი ინსტრუქციებს მუდმივად ცვლიან და ამატებენ ახალს, მაშინაც კი, როცა არაფერი ხდება. ამ საქმეში მედიაც დიდ როლს თამაშობს. მუდმივად უნდა ისაუბროს ამაზე, მაშინაც, როცა არ არის პრობლემა.
– რა შეიძლება გაკეთდეს ამ სიტუაციაში? რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?
– ჯარები ცოტა ადრე უნდა შეეყვანათ. ძალიან იყოჩაღეს მოხალისეებმა.
– უნდა გამოიყვანონ თუ არა მეწყერსაშიში ზონებიდან ხალხი?
– არაერთხელ გვითქვამს, რომ აჭარა-თრიალეთის ქედზე სერიოზული პრობლემებია კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, რომ გააქტიურდება სტიქიური უბედურებები. გაფრთხილების სისტემა არ ნიშნავს მხოლოდ სიგნალის ჩართვას, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა გაფრთხილებულია. ახლა კი მოსახლეობა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა დიდთოვლობას. საკვების მარაგებიც არ ჰქონდათ. დაინგრა რამდენიმე სახლი. ქობულეთში ადამიანი გაიყინა თოვლში. საჭიროა მოსახლეობის ევაკუაცია განსაკუთრებით იმ ადგილებიდან, სადაც მეწყერსაშიში ზონებია. ყველაფერი აღრიცხულია და მოქმედება უნდა დავიწყოთ.
არსებობს ზვავის საშიშროება, რომელმაც შესაძლოა სოფლები წალეკოს. აჭარა უფრო მომზადებული აღმოჩნდა გურიისგან განსხვავებით. მაგალითად, სწრაფი იყო რეაგირება 2004 წელს ყაზბეგში, ვერტმფრენებით გამოიყვანეს მოსახლეობა. ეს ის რეგიონებია, სადაც სტიქიური უბედურებები იქნება, რადგან კლიმატური ცვლილებებია. თუ ახლა გზები ლიპყინულით დაიფარება, მოძრაობა შეუძლებელი იქნება. მეტსაც გეტყვით, ახლა რკინიგზის სამსახურებიც უნდა იყვნენ მობილიზებული, ლიანდაგებს უნდა წმენდდნენ. კარგია, რომ ჯერ რკინიგზა არ გაჩერებულა. თუმცა მეტეოროლოგებისგან საიმედო პროგნოზი გვაქვს, რომ თოვლი სწრაფად არ დადნება, რომ მთაში დაბალ ტემპერატურას დაიჭერს, მაგრამ მაინც მზად უნდა ვიყოთ.
წყარო: კვირის პალიტრა
