Новая газета წერს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბუდაპეშტისა და უნგრეთის ეპარქიის მიტროპოლიტი ილარიონი (საერო სახელი – გრიგორი ალფეევი), სექსუალური ძალადობის საქმეში გაეხვა.
თავდაპირველად, 11 მარტს უცხოელ აგენტად გამოცხადებულმა თეოლოგმა, ანდრეი კურაევმა გამოაქვეყნა შენიშვნა, რომელიც მიტროპოლიტ ილარიონს ეხებოდა. კურაევის თქმით, რუსეთის სინოდმა გასცა რეკომენდაცია, რომ ილარიონი უნგრეთიდან რუსეთში დაებრუნებინათ.
“მიუხედავად იმისა, რომ ორბანი მისი [ილარიონის] მეგობარია, არ ღირს დაიჯერო მისი ყოვლისშემძლეობის. უნგრეთის მოსამართლეებსა და პრესასაც კი შეუძლია ამბების ამოტივტივება… თანაც ისეთის, რის გამოს ეპისკოპოს გური შალიმოვს პარიზიდან მაგადანამდე გაქცევა მოუწია.” – წერდა კურაევი.
გური შალიმოვი, რომელიც პოსტში იყო ნახსენები, არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი, რომელიც 1999 წელს შევიწროების ბრალდებით გაათავისუფლეს კორსუნის ეპარქიიდან, რომლის ცენტრიც პარიზშია. ამის შემდეგ ის სასულიერო მსახურებისთვის მაგადანში გადაიყვანეს.
კურაევის სიტყვებმა საზოგადოების ყურადღება ნაკლებად მიიქცია. თუმცა, სამი დღის შემდეგ, 14 მარტს რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია РИА Новости წერდა, რომ უნგრეთის მართლმადიდებელ ეპარქიაში “მსხვილი ძარცვის” შემთხვევა მოხდა. ახალი ამბის ბოლოში უჩვეულო შენიშვნა იყო ხაზგასმული: “წყარომ განმარტა, რომ ეჭვმიტანილის სახელი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გამჟღავნდება და გაიხსენა, რომ გრანდიოზული ქურდობა, უნგრეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.”
Новая газета ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ ბუდაპეშტის წმინდა სამების (ტაძარი, რომელშიც ილარიონი მსახურობს) მრევლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ლიტურგიის ფოტოებში იანვრის პირველი რიცხვებიდან ქრება ახალგაზრდა კაცი, რომელიც აქამდე თითქმის ყველა სურათში ჩანდა. მომავალში, სწორედ ეს ახალგაზრდა უნგრეთის ძებნილთა ბაზაში გამოჩნდა.
ბიჭის სახელი გეორგი სუძუკია. ის იაპონური წარმომავლობისაა. სუძუკი მიტროპოლიტ ილარიონს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ილარიონი კი ირწმუნება, რომ სუძუკის უკან დგას “ქალი, რომელიც თავს მის დედად ასაღებს” და რომელიც მის დაშანტაჟებას ცდილობდა, სთხოვდა შვილისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებას. Новая газета ამ საკითხებზე ესაუბრა როგორც სუძუკის, ისე მიტროპოლიტ ილარიონსაც.
როგორ აღმოჩნდა ეკლესიის საგარეო საქმეთა მეთაური ემიგრაციაში და როგორ იშოვა ახალი მესენაკე
მიტროპოლიტი ილარიონი ერთ დროს რუსეთის პატრიარქი კირილის მარჯვენა ხელი იყო და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ძალაუფლებით მეორე ადამიანს წარმოადგენდა. 2009 წელს ის დანიშნეს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირთა განყოფილების თავმჯდომარედ. მასზე მედიაში წერდნენ, რომ კირილის პოტენციური მემკვიდრე გახდებოდა. თუმცა, 2022 წელს ახსნა-განმარტების გარეშე ილარიონი უნგრეთში გაგზავნეს, სადაც ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტად დაინიშნა. ეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე მცირე ეპარქიაა.
მაშინ მედიაში ვარაუდობდნენ, რომ ეს ჩამოქვეითება დაკავშირებული იყო მიტროპოლიტის “ანტისაომარ პოზიციასთან”. თავად ილარიონი კი ამბობდა: “შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ გზამ მკვეთრად შეუხვია, მე კი მას ვერ მოვერგე და გზისპირას აღმოვჩნდი”.
რუსეთის სინოდთან დაახლოებული წყაროები მედიასთან ირწმუნებიან, რომ ილარიონისთვის ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი იყო და ჩამოქვეითებაზე მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა შესაბამის საბუთებს ხელი მოაწერინეს. მედიაში ასევე განიხილავდნენ, რომ მიზეზი შესაძლოა ის იყო, რომ პატრიარქ კირილს ევროკავშირის ტერიტორიაზე საკუთარი უმაღლესი წარმომადგენლის გაგზავნა სურდა.
ამ ყველაფრის პარალელურად, იაპონურ-რუსულ ოჯახში გაზრდილმა მართლმადიდებელმა ახალგაზრდამ, გეორგი სუძუკიმ ილარიონს შესთავაზა, რომ მისი მესენაკე და სტიქაროსანი გახდებოდა. აქამდე ისინი ერთმანეთს წერდნენ და გეორგის თქმით, სურდა, ჩამოქვეითებული იერარქისთვის მხარი დაეჭირა და მიტროპოლიტის მოსწავლე გამხდარიყო.
ილარიონი ბიჭს დათანხმდა და სუძუკი სამების სამრევლოში სამუშაოდ მოიწვია. 2022 წლის ოქტომბერში ახალგაზრდა ბუდაპეშტში ჩავიდა.
როგორ აღმოჩნდა მიტროპოლიტი საკუთარი მესენაკის საწოლში
სუძუკის თქმით, თავდაპირველად ის საკუთარ კელიაში ცხოვრონდა და მიტროპოლიტს მხოლოდ საქმეებთან დაკავშირებით ხვდებოდა. უკვე რამდენიმე კვრაში ილარიონმა მას შესთავაზა, რომ საკუთარი საცხოვრებლის ერთ-ერთ ოთახს დაუთმობდა და აქ გადმოსულიყო, რათა სახლის საქმეებში დახმარებოდა. გეორგი მას დათანხმდა.
ნოემბერში ილარიონმა სუძუკი წაიყვანა საფრანგეთში, აგარაკზე, რომელიც, გეორგის მტკიცებით, მიტროპოლიტს ეკუთვნის. აქ სუძუკი ავად გახდა და მაღალი სიცხის გამო რამდენიმე დღე მწოლიარე მდგომარეობაში დარჩენა მოუწია. ბიჭის მტკიცებით, სწორედ ამ დროს მოხდა პირველი ფიზიკური კონტაქტი მიტროპოლიტთან: ერთხელაც, როცა გეორგის სიცხე კვლავ აწუხებდა, ილარიონმა მას გახადა, მხოლოდ საცვალი დაუტოვა და გვერდზე მიუწვა, ვითომდა მის გასათბობად.
როგორც სუძუკი ირწმუნება, ამის შემდეგ ისინი უფრო და უფრო მეტ დროს ატარებდნენ საწოლში ერთად. თავდაპირველად ილარიონი ახალგაზრდის ავადმყოფობის “შესამოწმებლად” მიდიოდა, უნგრეთში დაბრუნების შემდეგ კი ბიჭს საღამოობით სტუმრობდა და მასთან ერთად ეძინა. სუძუკის თქმით, საქმე უშუალოდ სექსუალურ აქტამდე არ მისულა.
სუძუკის თქმით, ის მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, 2023 წლის სექტემბერში კი სცადა, რომ უკმაყოფილება გამოეთქვა, თუმცა, საპასუხოდ, ილარიონის მუქარა მიიღო. ბიჭის თქმით მიტროპოლიტი ემუქრებოდა, რომ წასვლის შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდა.
გარკვეული დროის შემდეგ სუძუკიმ მიტროპოლიტს ჰკითხა: “რა მოხდება, რომ მიგატოვოთ”. ილარიონის პასუხი ბიჭმა ჩაიწერა. ჩანაწერში, რომელიც Новая газета-მაც გამოაქვეყნა, ისმის სავარაუდოდ ილარიონის ხმა, რომელიც ამბობს, რომ გეორგის “ყველაფერი ცუდად წაუვა” და “არაფერი გამოუვა”. ამის შემდეგ სუძუკიმ მსგავსი საუბრების ჩაწერას მოუხშირა, როგორც ირწმუნება, საკუთარი უსაფრთხოებისთვის.
კიდევ ერთ ჩანაწერში ილარიონი სუძუკის უკრძალავდა, რომ ბიჭს ძილის წინ პიჟამა ჩაეცვა. ჩანაწერში გეორგი ამბობს, რომ მას სცივა, თუმცა ილარიონი პასუხობს, რომ არ სცივა.
სუძუკის თქმით, მიტროპოლიტი ეუბნებოდა, რომ მისი “კანის შეგრძნება” სურდა. ბიჭმა საკუთარი ოთახი რამდენჯერმე ჩაკეტა. ილარიონი მას უკაკუნებდა და საბოლოოდ კარის გაღება უწევდა. ბიჭის თქმით, ის ზოგჯერ ცდილობდა, რომ ღამე მიტროპოლიტთან კონტაქტი აერიდებინა, ეთქვა, რომ ცუდ გუნებაზე იყო, თუმცა ეს სასულიერო იერარქს აღიზიანებდა, მომდევნო დღეს გაბრაზებული იყო ხოლმე.
როგორც Новая газета წერს, მათ აქვთ ჩანაწერი, რომელშიც ჩანს საცვლისამარა ილარიონი როგორ ეხუტება თითქმის სრულად შიშველ სუძუკის. ბიჭმა შევიწროების ამბები დაწვრილებით ინტერვიუში მოყვა.
ილარიონი სუძუკის არწმუნებდა, რომ მათ აუცილებლად ერთად უნდა ეცხოვრათ. ერთ-ერთ ჩანაწერში ის ირწმუნება, რომ უნგრეთში სასახლე იმისთვის იყიდა, რომ სუძუკი მასთან ყოფილიყო.
როგორც სუძუკი აღწერს, ილარიონის სახლში ისეთი გარემო იყო, რომ უკმაყოფილების გამოთქმა შეუძლებელი იყო. მისივე თქმით, ამაში დიდ როლს თამაშობდა მეორე, უფრო გამოცდილი მესენაკე ვიაჩესლავ ლი, რომელიც გეორგის ამცირებდა და ეჩხუბებოდა დედამისს, ვერონიკა სუძუკის, როცა ის შვილის სანახავად მიდიოდა. ერთ-ერთ ჩანაწერში ლი ილარიონს ესაუბრება და ამბობს, რომ სუძუკი ვინმემ “ძალიან მკაცრად და მტკივნეულად უნდა გაზარდოს”.
Новая газета-სთან საუბარში დიაკვანმა ვიაჩესლავ ლიმ თქვა, რომ მისი საუბარი ეხებოდა სუძუკის არაკომპეტენტურობას მის სამუშაოში. ლი ირწმუნება, რომ უნგრეთში დედის ვიზიტების დროს სუძუკი, როგორც დიაკვნის დამხმარე, თავის მოვალეობებს არ ასრულებდა.
თავად ილარიონმა გამოცემასთან საუბარში სუძუკის სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და თქვა, რომ ცილისწამებისთვის უჩივლებს. მას არ უთქვამს, რომ სუძუკის ჩანაწერები გაყალბებულია. მიტროპოლიტმა თქვა, რომ მას მესენაკესთან სექსი არ ჰქონია. რაც შეეხება სუძუკისთან ურთიერთობას, ამ საკითხს ზედმეტად პირადულად მიიჩნევს და არაა მზად ამაზე სასაუბროდ. ილარიონმა ასევე თქვა, რომ, მისი აზრით, კონფლიქტთან დაკავშრებით კომენტარის გაკეთება არ შეუძლია, რადგან სუძუკი, სავარაუდოდ, ინტერპოლის მიერ იძებნება. “თუ რამეზე საუბარს დავიწყებ, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს,” – თქვა მან. ილარიონმა ასევე არ უპასუხა შეკითხვეს, აქვს თუ არა საფრანგეთში ქონება, სადაც, სუძუკის თქმით, ერთად ატარებდნენ დროს.
როგორ ებრძვის ჰომოსექსუალებს ილარიონი საჯაროდ
ილარიონი საჯაროდ ხშირად აკრიტიკებდა კათოლიკურ ეკლესიას სექსუალური უმცირესობების კურთხევის დაშვებისთვის და მუდამ ხაზს უსვამდა “ტრადიციული ღირებულებების” დაცვის აუცილებლობას.
2021 წელს მან მხარი დაუჭირა რუსეთში მიღებულ კანონს, რომელი “არატრადიციული ღირებულებების” პროპაგანდას კრძალავდა და თქვა, რომ ასეთი კანონები სხვა ქვეყნებშიც უნდა მიეღოთ. 2018 წელს ილარიონი ამბობდა, რომ სექსუალური ორიენტაცია არაა თანდაყოლილი და ის ინერგება მცირე ასაკში. მიტროპოლიტი ასევე ირწმუნებოდა, რომ, სურვილის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ადამიანის “ტრადიციული ორიენტაციისთვის დაბრუნება”.
“ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებთან მუშაობის პასტორალური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანს შეუძლია ეს სრულად მოიშოროს ან ისე აიწყოს ცხოვრება, რომ ამან სრულყოფილ ოჯახისკაცობაში ხელი არ შეუშალოს.” – ამბობდა ილარიონი.
როგორ გახდა ილარიონი უნგრეთში უძრავი ქონების მესაკუთრე
სუძუკის თქმით, ილარიონი მთელ თავისუფალ დროს გართობაზე ხარჯავს. არსებობს მხოლოდ ერთი კანონიკური შეზღუდვა: მრევლი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს ზედიზედ სამ კვირაზე მეტი, რათა მათ არ გაუჩნდეთ ეჭვი, რომ სასულიერო იერარქი სამოციქულო წესს არღვევს.
საკუთარი თავისთვის ამ წესის დაწესებით, მიტროპოლიტი გეგმავს საკუთარ ტურებს იახტით, ასევე ვიზიტებს სამთო-სათხილამურო კურორტებზე. სუძუკის მიერ გამოცემისთვის გადაცემულ ფოტოებში ჩანს, რომ მსგავსი ცხოვრებით სიამოვნებას ზოგჯერ თავად ბიჭიც იღებდა.
დროთა განმავლობაში სუძუკის მობილურ ტელეფონში დაუგროვდა სასულიერო იერარქის მდიდარი ცხოვრების დამადასტურებელი ფოტოები. მაგალითად ბუდაპეშტის ქალაქგარეთ 2360 კვადრატულმეტრიანი შენობის 2 150 000 ევროდ შეძენის ხელშეკრულება.
ერთ-ერთ ჩანაწერში ილარიონი ყვებოდა, როგორ გაყიდა საკუთარი ძვირადღირებული ღვინის კოლექცია, რათა საკუთარ სახლში 15 000 ევროს ღირებულების ავეჯი ეყიდა.
ერთ-ერთ ჩანაწერში ილარიონი ამბობს, რომ მან სასახლისთვის განკუთვნილი ფული არბატზე საკუთარი ბინის გაყიდვითა და სპონსორების შემოწირულობებით შოვა. სუძუკის თქმით, ილარიონმა სპონსორები დაარწმუნა, რომ შემოწირული ფულით ააშენებდნენ სკიტეს (პატარა მონასტერი).
მდიდრულ სასახლეში ილარიონი თავისუფალ დროს ატარებს, იღებს სტუმრებს, მართავს დღესასწაულებს და დადის ელექტრო სკუტერით.
სუძუკი ირწმუნება, რომ ილარიონის სპონსორებს შორის შეიძლება ყოფილიყო რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენი, მათ შორის სანქციების ქვეშ მყოფი დმიტრი პუმპიანსკი, გოდ ნისანოვი, პიოტრ ავენი და ვალერი კოგანი. ერთ ჩანაწერში ილარიონი ავენთან “ერთი ერთზე” შეხვედრის შესახებ საუბრობდა, რათა გაეგო “დაეხმარებოდა თუ არა”.
მიტროპოლიტი ილარიონი არ უარყოფს, რომ მას უნგრეთში სასახლე აქვს. მისი მტკიცებით, უძრავი ქონების ყიდვა და მისი არამონაზვნური ცხოვრება უნდა აიხსნას “ჰონორარებით”, რომელსაც უამრავი წიგნისა და ფილმის სანაცვლოდ იღებდა. ილარიონის მტკიცებით, მას უნგრეთში სასახლის საყიდლად სპონსორებისგან ფული არ მიუღია. ის გამოცემასთან ასევე ირწმუნებოდა, რომ სასახლის მიმდებარედ მონასტრის აშენებასაც კი აპირებს.
როგორ გახდა მიტროპოლიტი ილარიონი უნგრელი
უნგრეთში გადასახლების დროს ილარიონი შუამავალი იყო რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასა და დასავლეთს შორის და შეხვდა კათოლიკური ეკლესიის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პაპს. 2023 წლის ივნისში მედიაში წერდნენ კიდეც ილარიონის შუამავლობის შესახებ, რომ ის უკრაინელი პატიმრების უნგრეთში გადაყვანაში მონაწილეობდა.
ილარიონი არ მალავს მეგობრობას უნგრეთის მაღალჩინოსნებთან. ისინი მის ტაძარში ხშირი სტუმრები იყვნენ და მიტროპოლიტთან ცხოვრების ერთი წლის განმავლობაში სუძუკიმ მათი ერთად გადაღებული მრავალი ფოტო დააგროვა.
ერთ-ერთ ფოტოში ილარიონთან და სუძუკისთან ერთად ჩანს ჟოლტ შემენი, უნგრეთის ვიცეპრემიერი, რომელიც თავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეგობარს უწოდებს. 2022 წელს მან პატრიარქი კირილისგან დიდებისა და ღირსების მეორე ხარისხის ორდენი გადასცა, თანაც, ილარიონის შუამავლობით.
სუძუკის შენახული ჰქონდა ილარიონის უნგრული პასპორტის ფოტოც.
დოკუმენტის ფოტოზე ჩანს, რომ გაცემის თარიღი მხოლოდ სამი თვით განსხვავდება ილარიონის უნგრეთში დანიშვნის დღიდან. ანუ, ილარიონმა ქვეყანაში შემოსვლიდან რამდენიმე კვირაში მიიღო ქვეყნის მოქალაქეობა, რაც მაღალჩინოსნების ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
როგორ ცდილობდა ილარიონი ყოფილი მესენაკის მოსყიდვას და როგორ გახდა საკუთარი სიხარბის მსხვერპლი
2024 წლის იანვარში გეორგი სუძუკიმ გაქცევა გადაწყვიტა. მან ჯერ ილარიონი დაარწმუნა, რომ ბუდაპეშტში სისხლის ანალიზი სჭირდებოდა. მან საბოლოოდ უნგრეთი დატოვა და იაპონიაში ჩავიდა.
სასახლის დატოვებამდე მან ილარიონის ძვირადღირებული საათები და 30 000 ევროს ოდენობის ფული აიღო. სუძუკის მტკიცებით, შიშში რამდენიმეთვიანი ცხოვრების გამო სიტუაციის ჯანსაღად გააზრება ვერ შეძლო და გადაწყვიტა, რომ ეს ძვირადღირებული ნივთები გაქცევაში დაეხმარებოდა, რის შესახებ იაპონიის საელჩოსაც აცნობა. სწორედ ამ “საკომპენსაციო” ქურდობასთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სუძუკის წინააღმდეგ უნგრეთში.
გაქცევის შემდეგ ილარიონმა სუძუკის გაუგზავნა წერილი, რომელშიც ბოდიშს უხდიდა და სუძუკის ოჯახს ევაჭრებოდა თანხაზე, რომლის სანაცვლოდაც მომხდარს დაივიწყებდნენ. ერთ-ერთ წერილში, რომლის სათაურიც იყო “ბოდიში”, მიტროპოლიტი ამბობდა, რომ ფული იქნებოდა “დაშვებული შეცდომებისთვის გულწრფელი ბოდიშის დამადასტურებელი საბუთი”. ერთ-ერთ წერილში ილარიონი იმასაც კი წერდა, რომ სუიციდის ფიქრები აწუხებდა.
თავდაპირველად მიტროპოლიტმა ილარიონმა სუძუკის ყოველთვიურად 2000 ევროს გადახდა შესთავაზა, თუმცა შემდეგ ის დათანხმდა მისი დედის, ვერონიკა სუძუკის შეთავაზებას, რომ 16 წლის სამყოფი თანხა ერთიანად გადაეხადა. ვერონიკას თქმით, მიხვდა, რომ მიტროპოლიტის დაპირებას ვერ ენდობოდა და საბოლოოდ შეთავაზებაზე უარი თქვა.
ილარიონის მტკიცებით, ვერონიკა სუძუკი მას აშანტაჟებდა. ის ირწმუნება, რომ გეორგი სუძუკისთან კონფლიქტის მიზეზი ქალის უმადურობა გახდა. “ქალმა, რომელმაც დაინახა, როგორც თავად თვლის, რომ მე ბევრი ფული მქონდა, გადაწყვიტა, რომ ეს უნდა გამოეყენებინა.” – უთხრა ილარიონმა Новая газета-ს.
როგორ ემუქრებოდა ილარიონი მესენაკეს ქადაგებებში
მას შემდეგ, რაც გეორგი სუძუკის ოჯახმა ილარიონის წერილებზე პასუხის გაცემა შეწყვიტა, სასულიერო პირმა მათთვის დაშიფრულად მიმართვა გააგრძელა თავის ქადაგებებში, რომლებსაც ვიდეოების სახით ასაჯაროებდა.
ერთ-ერთი ქადაგება ილარიონმა მიუძღვნა ნოეს ვაჟს, ჰემს, რომელმაც შიშველი მამა დაინახა და დასცინა, რისთვისაც დაიწყევლა. ილარიონი ამბობდა, რომ “მდაბიოების ცოდვა დღეს ძალიან გავრცელებულია და არსებობს მთელი გამოცემებიც კი, რომლებიც მსგავსი კადრების გამოქვეყნებითაა დაკავებული”.
ერთხელ მან გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით “იმიტომ, რომ ქურდი იყო”, რომელიც აშკარად გეორგი სუძუკის ჩადენილ ქურდობაზე მიუთითებდა.
ის ამბობდა სიტყვებს: “თუ იუდამ დაიწყო ქურდობა, ნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდა სხვა ღირებულება, მასწავლებლის გარდა”. ილარიონი ასევე ამბობდა: “არ უნდა გამორიცხო, რომ ის იპარავდა კეთილი მიზნით. მაგალითად, ჰყავდა დედა, რომელსაც ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდებოდა”.
გამოცემასთან საუბარში მიტროპოლიტი ირწმუნებოდა, რომ ქადაგებას მუქარისთვის არ იყენებდა. ილარიონის თქმით, გეორგი სუძუკის მიერ მოთხრობილი ამბის გამოქვეყნების შემთხვევაში არსებულ დანაშაულთა მუხლებს დაემატებოდა ახალი ბრალდებაც, კერძოდ ყალბი დოკუმენტების გამოყენებისა და ცილისწამების ბრალდება.
Новая газета-სთან საუბრის შემდეგ ილარიონის სასწრაფოდ გაფრინდა მოსკოვში. გამოცემის წყაროები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიიდან თვლიან, რომ რუსეთში ვიზიტი მას სკანდალთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის სჭირდება.
