ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეზე მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
გადაწყვეტილება მოსამართლე სალიხ შაინიძემ გამოაცხადა.
იგივე მოსამართლემ ამ საქმეზე 13 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა იმ ფაქტების ნამდვილობა, რაც მას მზია ამაღლობელის ადვოკატებმა წარუდგინეს. საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა.
მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
მზია ამაღლობელის ადვოკატის, საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, სალიხ შაინიძემ, რომლის აცილებასაც დაცვის მხარე ითხოვდა, გამოიყენა ტაქტიკა, რასაც ზოგიერთი მოსამართლე იყენებს ხოლმე — განხილვისას ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სამართლიანად იხილავს საქმეს, შუამდგომლობებს აკმაყოფილებს, მოწმეებს კითხავს, შსს-ს წარმომადგენლებს შენიშვნებს აძლევს, ზოგჯერ ისე „აბრაზებს“ საკუთარი „სამართლიანობით“, რომ შსს-ს წარმომადგენლები პროცესზე მოსამართლეს აღშფოთებული იმასაც კი ეუბნებიან, რა ხდება, „შერჩევითი სამართალია?“
„თუმცა ეს ფარსი მაინც იმით სრულდება, რაც სისტემას უნდა. სისტემას უნდა, რომ მზია მტკიცებულებების გარეშე გასამართლდეს. ამ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მზიამ რაიმე სამართალდარღვევა ჩაიდინა. შსს-მ გააყალბა როგორც დაკავების, ასევე, სამართალდარღვევის ოქმი. მოწმე პოლიციელმა სასამართლო დარბაზში იცრუა, წარმოადგინეს ის ვიდეოები, რომლებიც გადაღებულია მზიას ადმინისტრაციული დაკავებიდან 2 საათის შემდეგ და ვერანაირად ვერ იქნებოდა მასზე რამე ისეთი აღბეჭდილი, რაც მზიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დასჯას გაამართლებდა“, — აცხადებს ნონა ქურდოვანიძე და დასძენს, რომ ეს საქმეც სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოხვდება.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე ბათუმში თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის: „იფიცება საქართველო”. ეს ჩანს ვიდეოკადრებში, თუმცა დაკავების ოქმში ჩაწერეს, რომ მზია ამაღლობელი თითქოს არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.
სტიკერის გაკვრისთვის პოლიციელს მოქალაქის დაკავების უფლება არ აქვს.
არსებობს ვიდეოჩანაწერები, რითაც დასტურდება დაკავების ოქმის გაყალბება. კერძოდ, ვიდეოჩანაწერში მზია ამაღლობელის დაკავების დროს ისმის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით აკავებენ სტიკერის გაკვრისთვის. დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი თითქოს პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს სულ სხვა მუხლით.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ხელმეორედ დააკავეს უკვე სისხლის სამართლის წესით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. იმ საქმის განხილვა სასამართლოში ცალკე პროცესად მიმდინარეობს.
