26 თებერვალს გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში საქართველოსთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს აშშ-სა და ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთის საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.
“საქართველოს საკითხს რაც შეეხება, მნიშვნელოვანი შეშფოთება მაქვს საქართველოს მთავრობის მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ძალადობრივ დარბევაზე. ეს სავსებით მიუღებელია და საპასუხოდ ჩვენ საქართველოს მთავრობისთვის მხარდაჭერის პროგრამა, შევზღუდეთ თანამშრომლობა თავდაცვაში და ქართულ ოცნებასთან საქმიანობა შევზღუდეთ, ზოგიერთ პასუხისმგებელ პირზე ძალადობისთვის სავიზო შეზღუდვები დავაწესეთ და განვაგრძობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ თავისუფალ და ღია სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას საქართველოში”. – თქვა მან.
დისკუსიის ფარგლებში მმართველი ლეიბორისტული პარტიის პარლამენტარმა პერან მუნმა დაუთის ჰკითხა, აპირებს თუ არა მთავრობა ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაყინვას, რომელთა დიდი ნაწილიც გაერთიანებულ სამეფოშია:
“წინა თვეს ევროსაბჭოში საქართველოს ოპოზიციის რამდენიმე წევრს შეხვდი და მათ მაჩვენეს მკაფიო მტკიცებულება იმ სასტიკი ფიზიკური ძალადობის, რომელსაც საქართველოს რეჟიმი ბოლო არჩევნებამდე, მის დროს და მას შემდეგ აწარმოებდა. პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი და საქართველოს დე ფაქტო მმართველი, ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს მშვიდობიანი პროცესის ჩახშობას განაგრძობს ისეთი იდენტური სამოქმედო მეთოდებით, რასაც რუსეთში იყენებენ. ძალადობა და დაშინება პოლიტიკურ პროცესს ამახინჯებს. აშშ-მ ივანიშვილს სანქციები დაუწესა, მაგრამ ივანიშვილის სიმდიდრის დიდი ნაწილი გაერთიანებულ სამეფოსა და ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზეა განთავსებული. აიღებს თუ არა მინისტრი ვალდებულებას, რომ შეუერთდეს ჩვენს მოკავშირეებს და გაყინოს ასეთი საძულველი ტირანის აქტივები?” – იკითხა მუნმა.
ხოლო დაუთიმ უპასუხა, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოში მოვლენების განვითარებას აკვირდება, თუმცა დაამატა, რომ შესაძლო სამომავლო სანქციების შესახებ განცხადებას წინასწარ არ გააკეთებს, რადგან ამგვარად მისი ეფექტი შესუსტდება:
[…] აშშ-სთან კოორდინაციით გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა, როგორც ვახსენე, შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილის, ასევე პოლიციის სამი უფროსის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობასა და თავდასხმებზე. […] მაშინ, როცა ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ ვითარებას, შესაძლო სამომავლო სანქციების დაწესების შესახებ კომენტარს არ ვაკეთებთ, რადგან ამგვარი ქმედება მათ ეფექტს შეასუსტებს”. – თქვა დაუთიმ.