სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის მშენებლობას ჩინური კომპანია სახელმწიფოს ₾212 მილიონად სთავაზობს

სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ – China Railway Tunnel Group Co-მ წარადგინა, რომელიც სახელმწიფოს პროექტის აშენებას 212,548,390 ლარად სთავაზობს. ეს კი გზის სატენდერო სავარაუდო ღირებულებაზე 12.5 მილიონი ლარით ნაკლებია.
საქართველოს მთავრობა ს საზღვრამდე მიმავალი ავტომაგისტრალის სრულ მოდერნიზაციას გეგმავს – ამისთვის მარტში გზების დეპარტამენტმა 225 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ორზოლიანი გზის პროექტი ურთულეს გეოგრაფიულ არეალში გაივლის და მგზავრობის დროს მკვეთრად შეამცირებს. მისი სიგრძე 4.5 კილომეტრი იქნება.
პროექტზე წინა ტენდერი ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში 246 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულებით გამოქვეყნდა, თუმცა ის მიმდინარე წლის დასაწყისში შეწყდა, რის შემდეგაც გზების დეპარტამენტმა განახლებული ტენდერი გამოაქვეყნა.
ჯერჯერობით უცნობია მიენიჭება თუ არა კომპანიას საბოლოოდ აღნიშნული კონტრაქტი. კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში სახელმწიფოს ამ გზის ერთი კილომეტრის აშენება 47.2 მილიონი ლარი დაუჯდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ამ გზის ფარგლებში ორი ესტაკადა და ორი გვირაბი აშენდება, მათი პარამეტრები ასეთი იქნება:
ესტაკადა N1 მდ.თერგზე – სიგრძე 2018 მეტრი;
ესტაკადა N2 – სიგრძე 636 მეტრი;
გვირაბი N1 – სიგრძე 460 მეტრი;
გვირაბი N2 – სიგრძე 846 მეტრი.
მთლიანობაში გვირაბებსა და ესტაკადაზე დაგეგმილი საპროექტო მანძილის 88% მოდის, სწორედ ამის გამო, ერთი კილომეტრის აშენების საშუალო ღირებულება ბიუჯეტს 55 მილიონი ლარი დაუჯდება, რაც გზის ყოველ მეტრზე 54,670 ლარს შეადგენს.
გზის პარამეტრები ასეთი იქნება:
საანგარიშო საპროექტო სიჩქარე – 60 კმ/სთ;
მიწის ვაკისის სიგანე – 14.0 მ;
სავალი ნაწილის სიგანე – 7.0 მ;
სამოძრაო ზოლის სიგანე – 3.5 მ;
სამოძრაო ზოლების რაოდენობა – 2.
“საპროექტო გზის მონაკვეთი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში. გზა გადის პრაქტიკულად დაუსახლებელ ტერიტორიაზე. საპროექტო მონაკვეთის მთლიანი სიგრძე შეადგენს 4.5 კმ-ს. სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი არის არშა-სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მონაკვეთის გაგრძელება. მიმართულების გარკვეული ნაწილი მდინარე თერგის კალაპოტის მარცხენა ნაპირზე, სანაპირო ზოლში გადის. საპროექტო მონაკვეთი გადის ძალიან რთულ რელიეფში, მდინარე თერგის ვიწრო ხეობაში, რომელიც ორივე მხრიდნ შემოსაზღრულია მთებით”, – ნათქვამია სატენდერო პირობებში.
bm.ge