სტატისტიკის სფერო წარმოადგენს ევროკავშირის გაწევრების I კლასტერის მე-18 თავს, რომელიც მიჩნეულია გაწევრების ფუნდამენტების ნაწილად.
ევროპული სტატისტიკა მუშავდება და ვრცელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ, იმ პრინციპებისა და ხარისხის კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც განსაზღვრულია ევროპული სტატისტიკის შესახებ ევროკავშირის რეგულაციაში, მათ შორის პროფესიული დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის, სანდოობის, გამჭვირვალობისა და კონფიდენციალობის პრინციპების დაცვით.
ევროკომისიამ, 2024 წელს, სტატისტიკის სფეროში, შეაფასა გაფართოების ათივე ქვეყანა. საქართველოსთან მიმართებით ანგარიშში აღნიშნულია შემდეგი:
· სტატისტიკის ინფრასტრუქტურის სამართლებრივი ჩარჩო ნაწილობრივ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებსა და სტატისტიკის ევროპული პრაქტიკის კოდექსით განსაზღვრულ პრინციპებს. საქართველოში, არსებითად, უკვე მოქმედებს ეროვნული სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს საჭირო სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და გავრცელებას, მათ შორის სქესის მიხედვით და რომელიც ხელს უწყობს წარმოებული სტატისტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას. ეროვნული სტატისტიკური სისტემის ინსტიტუციური ჩარჩო და უწყებათაშორისი კოორდინაცია დამატებით გაძლიერებას საჭიროებს.
· ოფიციალური სტატისტიკის შესახებ ახალი კანონი ძალაში შევიდა 2023 წლის 30 აგვისტოს. აღნიშნული კანონი ზუსტად განსაზღვრავს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) საბჭოს როლს, აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნის წესს და ადგენს, რომ სტატისტიკური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის.
· ოფიციალური სტატისტიკის განვითარების სტრატეგია 2024–2027 წლებისთვის დამტკიცდა 2024 წლის ივნისში. სტრატეგია აერთიანებს ინსტიტუციური განვითარების ღონისძიებებს და მიმართულია მაღალი ხარისხის, მომხმარებელზე ორიენტირებული ოფიციალური სტატისტიკის უზრუნველყოფისკენ, რაც მიზნად ისახავს ინფორმირებულ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული პოლიტიკის მხარდაჭერას.
· საქართველოს Eurostat-ისთვის არ გადაუცია მონაცემები ბიზნეს-რეესტრის ეროვნული სტატისტიკის შესახებ.
· მაკროეკონომიკური სტატისტიკის მხრივ, საქართველომ უნდა დაიწყოს ეროვნული მონაცემების, ჭარბი დეფიციტის პროცედურის ცხრილებისა და სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის ევროსტატისთვის წარდგენა. გარდა ამისა, ინსტიტუციური მოწყობა ყურადღებით უნდა გადაიხედოს, რათა სამეცნიერო დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი.
· სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი ევროსტატის მიერ არ არის დამოწმებული. საბინაო/საცხოვრებლის ფასების სტატისტიკური მონაცემები ევროსტატს არ გადაეცემა. საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო შედარების პროგრამაში ევროსტატის სამუშაო პროგრამის შესაბამისად, თუმცა რიგი კვლევებისთვის მეთოდოლოგიური გაუმჯობესებაა საჭირო.
· სოციალური სტატისტიკის მხრივ, მოსახლეობისა და საცხოვრებლის შემდეგი აღწერა დაგეგმილია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში… ევროსტატში გადაცემული დემოგრაფიული და საერთაშორისო მიგრაციის სტატისტიკური მონაცემები ამ პერიოდში გაიზარდა, თუმცა საჭიროა შემდგომი გაუმჯობესება, მათ შორის საერთაშორისო მიგრაციის, მოქალაქეობის მიღებისა და გარდაცვლილთა თვიური მონაცემების მიმართულებით.
· გარემოსდაცვითი სტატისტიკის მონაცემები ევროსტატს არ მიეწოდება. ქვეყანაში ნარჩენების შესახებ შეზღუდული სტატისტიკა არსებობს. ტრანსპორტის სტატისტიკის მიმართულებით საქართველოს აქვს საშუალო დონის შესაბამისობა შიდა ტრანსპორტის შესახებ Eurostat-ში გადაცემულ სტატისტიკასთან, თუმცა დამატებით საჭიროა მონაცემები ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო აღჭურვილობის შესახებ. რკინიგზის, საჰაერო ტრანსპორტისა და საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სტატისტიკური მონაცემები Eurostat-ს არ გადაეცემა.
· ენერგეტიკული სტატისტიკის მიმართულებით, საქართველო შეესაბამება ევროკავშირის სტატისტიკის სამართალს. თუმცა ენერგოეფექტიანობის მაჩვენებლების წარმოება ჯერ კიდევ არ ხორციელდება.
ევროკომისიის მხრიდან, სტატისტიკის სფეროში გაფართოების ქვეყნების შეფასებების შედეგები ასეთია:
· ბოსნია და ჰერცეგოვინა იმყოფება განვითარების საწყის ეტაპზე;
· საქართველო, უკრაინა და მოლდოვა პროგრესის ერთი დონეზე იმყოფებიან, კერძოდ – მათ აქვთ გარკვეული მომზადების დონე;
· ალბანეთს, მონტენეგროსა და თურქეთს აქვთ ზომიერად მომზადების დონე;
· ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი ზომიერი და კარგი მომზადების დონეებს შორის იმყოფება.
2024 წელს ევროკომისიამ გასცა შემდეგი რეკომენდაციები:
საქართველო
საქართველომ უნდა უზრუნველყოს საქსტატსა და მთავრობას შორის, აგრეთვე საქსტატსა და სექტორულ სამინისტროებსა და სააგენტოებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება; საქსტატის სამსახურის ადამიანური რესურსებისა და ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება; დროული და მაღალი ხარისხის მონაცემების წარმოება და გავრცელება.
ალბანეთი
ალბანეთმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი: გამოაქვეყნოს მოსახლეობისა და საცხოვრებლის ფონდის აღწერის დეტალური მონაცემები და თემატური ანალიზი; ჩაატაროს სასოფლო-სამეურნეო მეურნეობების აღწერა ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; შეამციროს სტატისტიკის სამსახურის პერსონალის ცვლილების მაჩვენებელი და გააუმჯობესოს კიბერუსაფრთხოება; გაზარდოს დროული და მაღალი ხარისხის მონაცემების წარმოება და გადაცემა ევროსტატისთვის გავრცელების მიზნით და საჯარო გახადოს სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის (GFS) მონაცემები.
ბოსნია და ჰერცეგოვინა
ბოსნია და ჰერცეგოვინამ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა, კოორდინაცია, გადაწყვეტილების მიღების პროცესები და სამართლებრივი საფუძვლები, რათა განვითარდეს ეროვნული სტატისტიკის სისტემა; ჩაატაროს სოფლის მეურნეობის აღწერა; დაამტკიცოს გზამკვლევი მოსახლეობისა და საცხოვრებელი ფონდის მომავალი აღწერის მოსამზადებლად; დაასრულოს რეგიონების კლასიფიკაცია ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურის შესაბამისად (NUTS კლასიფიკაცია).
მოლდოვა
მონაცემების გადაცემა ევროსტატისთვის კვლავ შეზღუდულია, თუმცა არის მკაფიო ზრდის ტენდენცია. მოლდოვამ უნდა გააძლიეროს სექტორული მონაცემების შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან, რათა გაიზარდოს შედარებადობა, ორივე ტიპის – ადმინისტრაციული და კერძო სექტორის – მონაცემების გამოყენების გაუმჯობესებით; უზრუნველყოს, რომ ეროვნული სტატისტიკის ბიუროს ჰყავდეს საკმარისი პერსონალი და ჰქონდეს ფინანსური რესურსი.
მონტენეგრო
ადამიანური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით გამოწვევები კვლავ რჩება. მონტენეგრომ უნდა დაიწყოს შემდეგი მონაცემების რეგულარული წარმოება და ევროსტატისთვის გადაცემა: სახელმწიფოს ფინანსური სტატისტიკა, რომლის გამოქვეყნებაც შესაძლებელია და სწორად შევსებული ცხრილები ჭარბი დეფიციტის პროცედურისთვის; გააძლიეროს სტატისტიკის სამსახურის ადამიანური და ფინანსური რესურსები, რათა სამსახურმა სრულად შეასრულოს თავისი მოვალეობები; განახორციელოს სოფლის მეურნეობის აღწერა და გამოაქვეყნოს ეროვნული მოსახლეობისა და საცხოვრებელი ფონდის აღწერის შედეგები, ევროკავშირის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესაბამისად.
ჩრდილოეთ მაკედონია
ჩრდილოეთ მაკედონიამ უნდა ჩაატაროს სოფლის მეურნეობის აღწერა; უზრუნველყოს სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურისთვის ადეკვატური პერსონალი და საკმარისი ფინანსური რესურსები; გააგრძელოს მაკროეკონომიკური სტატისტიკის გაუმჯობესება, კერძოდ, გამჭვირვალობის დამკვიდრებით, ჭარბი დეფიციტის პროცედურისა და სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის თანმიმდევრულობის, დროულობისა და დაფარვის გაუმჯობესებით, ასევე ფინანსური ანგარიშებისა და კვარტალური ეროვნული ანგარიშების ევროპულ ანგარიშთა სისტემასთან (ESA 2010) შემდგომი შესაბამისობაში მოყვანით.
სერბეთი
სერბეთმა უნდა მიიღოს სტატისტიკის შესახებ ახალი კანონი სტატისტიკის სამსახურის პროფესიული დამოუკიდებლობის გასაზრდელად; გააგრძელოს მაკროეკონომიკური სტატისტიკის შედგენის გაუმჯობესება ESA 2010-ის შესაბამისად, მონაცემების გამოქვეყნების ხელშემშლელი კონფიდენციალობის ნიშნების მოხსნით.
უკრაინა
საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით, რესპონდენტები არ არიან ვალდებულნი მონაცემები მიაწოდონ და, შესაბამისად, უკრაინის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მიერ მონაცემთა წარმოება ძალიან შეზღუდულია. ამ გარემოებების მიუხედავად, უკრაინამ გარკვეული პროგრესი განიცადა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით, მათ შორის სტატისტიკის შესახებ ეროვნული კანონის მიღებით. უკრაინამ უნდა გააძლიეროს სტატისტიკის სამსახურის ადმინისტრაციული შესაძლებლობები და ეროვნული სტატისტიკური სისტემის კოორდინაცია სტატისტიკის ხარისხის გასაუმჯობესებლად; გაზარდოს დროული, მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება და გადაცემა ევროსტატისთვის, მათ შორის, სქესის მიხედვით, სადაც ეს შესაძლებელია.
თურქეთი:
თურქეთმა უნდა დააწესოს გამჭვირვალე და პროფესიული კრიტერიუმები სტატისტიკის სამსახურის პრეზიდენტის დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის ისე რომ საფრთხე არ შეექმნას პროფესიულ ან სამეცნიერო დამოუკიდებლობას; გააგრძელოს ევროპის ანგარიშების სისტემასთან (ESA 2010) შესაბამისობა; გააუმჯობესოს სოფლის მეურნეობის (მათ შორის, სოფლის მეურნეობის აღწერისთვის მზადება), მიგრაციისა და თავშესაფართან დაკავშირებული სტატისტიკა და გააგრძელოს მუშაობა მოკლევადიანი ბიზნეს-სტატისტიკის ახალ მოთხოვნებთან სრული დაახლოება.
გამოყენებული წყაროები:
· https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A02009R0223-20241226
· https://enlargement.ec.europa.eu/news/commission-adopts-2024-enlargement-package-2024-10-30_en
/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/
