სტარტაპებისთვის ნულოვანი საგადასახადო რეჟიმი იმოქმედებს

სტარტაპებისთვის ნულოვანი საგადასახადო რეჟიმი იმოქმედებს
ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სექტორში მოღვაწე სტარტაპებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გაეზრდებათ. კანონპროექტზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მუშაობა 2024 წელს დაიწყო. ინიციატივას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს. დოკუმენტი შემუშავების ეტაპზეა, ამიტომ დეტალური ინფორმაცია კანონპროექტის დამტკიცების შემდგომ გახდება ცნობილი, მანამდე კი ,,კომერსანტი“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გიზიარებთ:
ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისათვის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვის მიზნით, შემოღებულ იქნება სამი ტიპის სტატუსი: ინოვაციური ს სტატუსი, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი, ასევე კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსი. თითოეული სტატუსისთვის, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გათვალისწინებულია შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმები.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსით შეიძლება ისარგებლოს პირმა, რომელიც ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, პროცესს ან/და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას. შესაბამისად, არ არის გამოყოფილი კონკრეტული სფერო, რომელიც ამ შეღავათით ისარგებლებს. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა მოთხოვნებს, რაც დაკმაყოფილებული უნდა იყოს სტატუსის მოსაპოვებლად.
პროგრამაში მონაწილე სტარტაპები კონკურსის გზით ,,ინკუბატორის პროგრამის” ფარგლებში შეირჩევიან. საგრანტო დაფინანსების მიღების დეტალური კრიტერიუმები და პრინციპები პროექტის საბოლოო ვერსიის შემუშავების შემდგომ გახდება ცნობილი.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, რომ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით პროგრამებისა და ინიციატივების აუცილებლობა განპირობებულია ისეთი სტარტაპ გარემოს ფორმირების საჭიროებით, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ახალი სტარტაპების დაფუძნებას, საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას, სტარტაპებში ინვესტიციების შემოდინებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე, წაახალისებს საქართველოში უკვე დაფუძნებულ სტარტაპებს.