გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვა წარმოადგინა და თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი ნატოში ყველაზე სწრაფი სამხედრო ინოვატორი უნდა იყოს.
მისი თქმით, გაზრდილი გლობალური საფრთხეების პირობებში თავდაცვის ძალების მთავარი მიზანი საბრძოლო მზადყოფნაზე გადასვლაა.
სტარმერის თქმით, მთავრობა განახორციელებს სამ ფუნდამენტურ ცვლილებას:
„პირველი – ჩვენ გადავდივართ საბრძოლო მზადყოფნაზე, როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალების ცენტრალურ მიზანზე. როდესაც პირდაპირ გვემუქრება საფრთხე ისეთი სახელმწიფოებისგან, რომელთაც გააჩნიათ განვითარებული სამხედრო ძალები. ყველაზე ეფექტურია, მათი შეკავება მოხდეს მზადყოფნით და იმის ჩვენებით, რომ მართლა მზად ვართ მშვიდობის მიღწევისთვის ძალის დემონსტრირებით. ბრიტანეთს ჰყავს მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები – მამაკაცები და ქალები. ჩვენ ვაჩვენებთ მათ იმ პატივისცემას, რომელსაც იმსახურებენ – შეიარაღებულ ძალებში უახლოესი 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ხელფასების ზრდით. და გპირდებით, დავასრულებთ შეიარაღებული ძალების გამოფიტვას. შევქმნით საბრძოლო ძალას, რომელიც იქნება უფრო ინტეგრირებული, მზადყოფნაში და გაცილებით უფრო მომაკვდინებელი, ვიდრე ოდესმე, რასაც მხარს დაუჭერს სრულად გაწვრთნილი გაძლიერებული სტრატეგიული რეზერვი. მეორე – ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ, გააძლიერებს NATO-ს, რადგან ვიღებთ საკუთარ თავზე მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი კოლექტიური თავდაცვისთვის. ცვლილებები, რომლებსაც თავდაცვაში ვატარებთ, უნდა იქცეს ბრიტანეთის უდიდეს წვლილად NATO-ში მისი დაარსების შემდეგ. მესამე – ვახორციელებთ ინოვაციას და ვაჩქარებთ მას ომის დროის ტემპით, რათა შევხვდეთ დღევანდელ და ხვალინდელ საფრთხეებს როგორც NATO-ს ყველაზე სწრაფი ინოვატორი. ეს არ ნიშნავს ადამიანების ან ტექნიკის ჩანაცვლებას, პირიქით, ეს ნიშნავს უკრაინიდან მიღებული გაკვეთილების გათვალისწინებას, რაც არაერთხელ განვიხილე პრეზიდენტ ზელენსკისთან“.
სტარმერის თქმით, 2035 წლისთვის დიდ ბრიტანეთს უნდა ჰყავდეს არმია, „რომელიც ათჯერ უფრო მომაკვდინებელი იქნება“.
დიდ ბრიტანეთს დაანონსებული აქვს ცივი ომის დასრულების შემდეგ თავდაცვის ხარჯების ყველაზე დიდი ზრდა — 2027 წლისთვის მისი მშპ-ის 2.5%-მდე. შემდეგი მოწვევის პარლამენტში კი, სტარმერის თქმით, 3%-ის მიღწევის ამბიცია აქვს.
