დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თემთა პალატის დეპუტატების წინაშე გამოსვლისას მოკლედ ისაუბრა განზრახვათა შესახებ დეკლარაციის თაობაზე, რომელსაც გუშინ პარიზში მოაწერა ხელი საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად.
„პრეზიდენტებთან, მაკრონთან და ზელენსკისთან ერთად შევთანხმდით განზრახვათა შესახებ დეკლარაციის თაობაზე, რომელიც ეხება სამშვიდობო გარიგების შემთხვევაში [უკრაინაში] ჯარების განლაგებას“, თქვა სტარმერმა.
როგორც BBC იუწყება სტარმერმა თქვა, რომ დეტალებს მოგვიანებით წარუდგენს პარლამენტს.
„თუკი გუშინ ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში [ჯარების] განლაგების შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ ამ საკითხს პალატაში კენჭისყრაზე გავიტან,“ დასძინა პრემიერმა.
დიდი ბრიტანეთის მმართველი ლეიბორისტული პარტია დამაჯერებელ უმრავლესობას ფლობს პარლამენტში, რაც მთავრობას საშუალებას აძლევს, იოლად გაატაროს თავისი გადაწყვეტილებები საკითხთა უმრავლესობასთან დაკავშირებით.
ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერი კემი ბადენოკი მიესალმა სტარმერის დიპლომატიურ ძალისხმევას, მაგრამ იმედგაცრუება გამოხატა მისი უარის გამო, დეტალურად ისაუბროს უკრაინაში ჯარების განლაგების შესახებ.
ფორუმი




