გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, კირ სტარმერი ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს.
“ლიდერებმა განიხილეს აშშ-ის თაოსნობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები”, – იუწყება სტარმერის პრესსამსახური, რომლის თანახმად, სამშვიდობო გეგმაზე ინტენსიური მუშაობა “მომდევნო დღეებში გაგრძელდება”. ოთხი ლიდერი შეთანხმდა, რომ “ეს არის კრიტიკული მომენტი უკრაინისთვის, მისი ხალხისა და საერთო უსაფრთხოებისთვის ევროატლანტიკურ რეგიონში”.
10 დეკემბერს თემთა პალატის წინაშე გამოსვლისას, კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორი დღით ადრე ევროპის „ხრწნაზე“ „პოლიტიკოსთვის“ ნათქვამის პასუხად განაცხადა:
„მე ვხედავ ძლიერ ევროპას, რომელიც გაერთიანებულია უკრაინისა და ჩვენი დიდი ხნის ღირებულებების – თავისუფლებისა და დემოკრატიის – გარშემო“.
9 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გააზიარა “ნიუ-იორკ პოსტის” 7 დეკემბრის სტატიის ბმული და სტატიის სათაურიც გადაპოსტა – “უძალო ევროპელებს შეუძლიათ მხოლოდ გაბრაზდნენ, როცა ტრამპი მართებულად აშორებს მათ უკრაინაზე შეთანხმებას”. აღნიშნულ სტატიაში წერია:
„ზრდასრულებმა [აშშ-მა და რუსეთმა – რ.თ.] ევროპელების გვერდის ავლით შეათანხმეს ეს შეთავაზება უკრაინაზე. ცხადია, ევროპელები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ; აშშ და რუსეთი ქმნიან ევროპის მომავალს მათთან კონსულტაციის გარეშე. მაგრამ, თუკი შენ იქცევი ბავშვივით, მოგექცევიან როგორც ბავშვს“.
3 დეკემბერს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში” გამოქვეყნებულ თვალსაზრისში წერდა:
„ჩვენს ხელშია არა მხოლოდ უკრაინის გაძლიერება, არამედ მოსკოვისთვის ცალსახა სიგნალის გაგზავნა, რომ აგრესიის ომის გაგრძელება უშედეგოა. ეს არის არა კონფლიქტის გაგრძელების ნიშანი, არამედ მისი დასრულების. ეს აჩვენებს ევროპელების უნარს, იმოქმედონ – იმის დემონსტრაცია, რომ ჩვენ – ევროპელები – ვიღებთ გადაწყვეტილებას იმაზე, რაც ჩვენს კონტინენტზე ხდება.
ასეთი გზავნილისთვის, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ რუსეთის გაყინული აქტივები.
ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული გზა გვაძლევს საშუალებას, გავაკეთოთ ეს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ვალდებულებების სრულად დაცვით. ჩვენ – ევროპელებმა – ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინული დარჩება მანამდე, სანამ რუსეთი არ აუნაზღაურებს უკრაინას ზიანს, რომელიც მიაყენა. სწორედ ასე ვაპირებთ მოვიქცეთ. ჩვენ არც აქტივების კონფისკაციას არ ვახდენთ და არც რუსეთის სამართლებრივ პრეტენზიებს არ ვეხებით”.
10 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა X-ის პლატფორმაზე დაწერა, რომ ოთხშაბათს ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებია დაგეგმილი, ხუთშაბათს – “მსურველთა კოალიციის” ფორმატში” შეხვედრა და რომ მიმდინარე კვირა შესაძლოა ახალი ამბის მომტანი იყოს ყველასთვის.




