გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა ევროპელ ლიდერებს დღეს, 2 მარტს ლონდონში დაგეგმილ სამიტზე გააფრთხილებს, რომ უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალმა გზამ აშშ-ს თეთრ სახლში უნდა გაიაროს, ხოლო ამისთვის საჭიროა, 28 თებერვალს ოვალურ კაბინეტში მომხდარი მწვავე კამათის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობები დაალაგოს.
ინფორმაციას გამოცემა Financial Times ავრცელებს.
ანონიმური ბრიტანელი ოფიციალური პირების თქმით, სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტს 1-ელ მარტის შეხვედრაზეც უთხრა, რომ მან პირველ რიგში ტრამპთან უნდა აღადგინოს ურთიერთობები, ვინაიდან არცერთი მშვიდობა გასტანს, თუ ის აშშ-ს მიერ გარანტირებული არ არის.
“პრემიერმინისტრის პრიორიტეტია, გააკეთოს ყველაფერი, რაც უკრაინის დასაცავადაა საჭირო. ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ [ამ პროცესში] ჩართული უნდა იყოს. შენ უნდა გამოასწორო ურთიერთობები და დაუბრუნდე მინერალების შეთანხმებას”. – თქვა წყარომ.
ამასთან, ერთ-ერთმა ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას უთხრა, რომ “პრემიერმინისტრი თავს მოუყრის ხალხს [ევროპელ ლიდერებს] და თავაზიანად ეცდება, მათ გააცნობიერონ, რომ ქალაქში მხოლოდ ერთი მოლაპარაკებებია – და ის პრეზიდენტი ტრამპისაა”.
მეორე წყარომ კი FT-ს უთხრა, რომ სტარმერი ევროპელ ლიდერებს განუცხადებს, რომ ზელენსკისადმი ვერბალური მხარდაჭერას მოქმედება უნდა შეუსაბამონ: “რაც უკრაინას ახლა სჭირდება არის იარაღი და კარაქი [guns and butter]. მას არ სჭირდება ტვიტერის პოსტები და სათნოების სიგნალირება”.
უკრაინის პრეზიდენტი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან შესახვედრად ლონდონში 1-ელ მარტს, აშშ-ს თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტიდან 1 დღის შემდეგ ჩავიდა. მას დაუნინგ სტრიტზე თბილად და საჯაროდ მიესალმა კირ სტარმერი და უთხრა, რომ უკრაინას გაერთიანებული სამეფოს სრული მხარდაჭერა ჰქონდა.
ბრიტანელმა და უკრაინელმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც გაერთიანებული სამეფო გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან 2.24 მილიარდ ფუნტს უკრაინას სესხის სახით გადასცემს.
რაც შეეხება დღეს, 2 მარტს დაგეგმილ სამიტს, სტარმერი ლონდონში 14 ევროპელ ლიდერს უმასპინძლებს, რათა კონსენსუსს მიაღწიონ უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის გაზრდის შესახებ და იმსჯელონ რუსეთთან მშვიდობის უზრუნველყოფის საკითხზეც.
2 მარტის სამიტს დაესწრებიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და სხვა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრუდო და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანიც.
სამიტის ფარგლებში სტარმერი სატელეფონო საუბრებს გამართავს ბალტიის ქვეყნების ლიდერებთანაც.
წყარო: ტაბულა
