თურქეთის ხელისუფლებამ გასულ კვირას სტამბოლის კათოლიკურ ეკლესიაში წირვის დროს მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი 25 პირი დააკავა. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, ილმაზ თუნჩმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, დაკავებულებს შორის იყო ორი შეიარაღებული პირი, რომლებიც რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა და, სავარაუდოდ, “ისლამურ სახელმწიფოსთან” არიან კავშირში.
თავდასხმა 28 იანვარს სტამბოლში, სარიერის რაიონში, სანტა მარიას ეკლესიაში მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიას თქმით, ორი მთავარი ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო: ერთი ტაჯიკეთის, ხოლო მეორე რუსეთის.
ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამი იყო, რომ ეს იყო პასუხი დაჯგუფების ლიდერების მოწოდებაზე, მიზანში ამოეღოთ ებრაელები და ქრისტიანები.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის ცნობით, 25 ეჭვმიტანილს ბრალი წარუდგინეს უკანონო ორგანიზაციის წევრობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში. ამასთან, მისივე ინფორმაციით, კიდევ ცხრა ეჭვმიტანილი სასამართლო პროცესამდე გაათავისუფლეს.