სტალინის მუზეუმს ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩინეთიდან ჰყავდა – 6 თვის მონაცემები

წელს ვიზიტორების უმრავლესობა ჩინეთიდან იყო, შემდეგ მოდის , ტაილანდი და ირანი, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” გორში მდებარე სტალინის მუზეუმის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ჩინელი ტურისტების რაოდენობის ზრდა, შესაძლებელია, სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან იყოს დაკავშირებული.
“2023 წელს 137 193 ვიზიტორი გვყავდა, საიდანაც 90%-ზე მეტი უცხოელი იყო. რაც შეეხება მიმდინარე წელს – 6 თვის მონაცემებით, მუზეუმს 84 780 ვიზიტორი ესტუმრა. ჩვენი ვიზიტორები არიან ქართველებიც და უცხოელებიც. მაგალითად, 2023 წელს ვიზიტორები გვყავდა, მათ შორის, ჩინეთიდან, რუსეთიდან, ტაილანდიდან და ირანიდან. მუზეუმის დაარსების დღიდან მუზეუმს უცხოელი ვიზიტორები სულ ჰყავს. ინტერესია ეპოქის მიმართ და თვითონ სტალინის მიმართ”, – აღნიშნავენ მუზეუმში.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, სამომავლოდ ი.ბ. სტალინის მემორიალური სახლის რეაბილიტაცია იგეგმება.
ცნობისთვის, ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს გორში, ქალაქში,სადაც ის დაიბადა. სამუზეუმო კომპლექსი 1957 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა. თუმცა იმ სახლში, სადაც სტალინი დაიბადა, მემორიალური მუზეუმი ჯერ კიდევ 1937 წლიდან მის სიცოცხლეშივე არსებობდა. მუზეუმის კომპლექსის საერთო ფართობია 3529.7 კვ/მ, მუზეუმის ფონდში ამჟამად 40000-ზე მეტი ექსპონატი, დოკუმენტი, მხატვრული ტილო და დამხმარე სამუზეუმო მასალაა დაცული.
მუზეუმს 14 საექსკურსიო გიდი ჰყავს, რომლებიც ექსკურსიებს ატარებენ 4 ენაზე, როგორც ქართულ ასევე, ინგლისურ, რუსულ, და ფრანგულ ენებზე. მუზეუმში შესვლა ფასიანია და ბილეთის ღირებულება: ზრდასრული – 15 ლარი, სტუდენტი – 10 ლარი, მოსწავლე – 1 ლარი.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ