სტალინის მუზეუმის დახურვის იდეის გამო, საქართველოს საგარეო ჩემთვის “ადგილის მიჩენას” ცდილობდა | პოლონეთის ელჩი

პოლონეთის ელჩმა, მარიუშ მაშკევიჩმა გამოცემა Sova.News-თან ინტერვიუში განაცხადა, სტალინის მუზეუმის დახურვის სურვილის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან არაოფიციალური გზით საყვედური მიიღო. მაშკევიჩის განმარტებით, მუზეუმთან დაკავშირებული პოზიციის გამო, უწყება მისთვის “ადგილის მიჩენას ცდილობდა.”
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობდა ჩემთვის ადგილის მიჩენას, მაგრამ მე ძალიან უხეში სიტყვა ვთქვი… მე ამ თემაზე, რა ახსნაც არ უნდა იყოს, არ ვილაპარაკებ. გესმით ხომ, კატინში პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრებიც დაიხოცნენ. ეს არის პრობლემა, რომელიც არანაირ დისკუსიას არ ექვემდებარება. ეს არ არის რელიგიურ გრძნობებთან ან ემოციებთან დაკავშირებული პრობლემა, რომ თითქოს მე ვეხები რაღაც დელიკატურს, ხომ?! რომ ვიღაცას შეურაცხყოფას ვაყენებ. არა, ეს უბრალოდ ობიექტური სიმართლეა. ის უნდა მიიღონ. შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ რთულია, მაგრამ ის უნდა მიიღონ, როგორც დაავადებისას დიაგნოზი,” – თქვა პოლონეთის ელჩმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაიბარეს თუ არა ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ელჩმა თქვა, რომ ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ იყო არაოფიციალური შენიშვნა.
“არა, არა. სიმართლე გითხრათ, დეტალებს არ ვიტყვი, მაგრამ იყო გარკვეული არაოფიციალური შენიშვნა. მე მაშინ ძალიან დელიკატურად, მაგრამ გავუშვი. ცხადია, მე, როგორც პოლონეთის წარმომადგენელს, არ შემიძლია, სხვანაირად რეაგირება,” – განაცხადა მარიუშ მაშკევიჩმა.
აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს პოლონეთის ელჩმა, მარიუშ მაშკევიჩმა, ში ს შეჭრასთან დაკავშირებით ორგანიზებულ შეხვედრაზე საქართველოს მოუწოდა, სულ მცირე, “ერთი სიმბოლური ჟესტი მაინც გაეკეთებინა” და გორში სტალინის მუზეუმი დაეხურა.

პოლონეთის ელჩის ეს მხილება კი არ არის ერთადერთი ფაქტი, რის გამოც საქართველოს საგარეო უწყება ერთგვარ სკანდალში ეხვევა. საგარეოში ცოტა ხნის წინ დაბარებული იყო დანიის ელჩიც, რისი მიზეზიც დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია გახდა, სადაც მას ივანიშვილი ოლიგარქად ჰყავდა მოხსენიებული.
ასევე ნახეთ:
· დანიის ელჩის კრიტიკული განცხადება და დახურული შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში | დიპლომატიური სკანდალი თბილისსა და კოპენჰაგენს შორის