სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გორში ხე-ტყის უკანონო ჭრისთვის რამდენიმე პირის დაკავების დროს პოლიციის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრები ყვებიან, დაკავებისას მოქალაქეზე პოლიციამ იძალადა, მას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული.
“აქედან რომ წაიყვანეს, თავში ურტყეს და უმიზეზოდ გადმოაგდეს. პროკურორმა თქვა გაგვიძალიანდაო, ხელშეკრული კაცი როგორ გაუძალიანდათ ოც კაცს? ჯერ აქვე გადმოაგდეს მძინარე ლოგინიდან და მერე გზაში ოთხი კაცი პისტოლეტს ურტყამდა თავში.
ექიმი ვალდებულია ჩაწეროს რა მიზეზით, რა მდგომარეობაში მივიდა. მაგას მოვითხოვ, ექიმის დაკითხვას და მაგ საბუთებს” – ამბობს დაზარალებულის დედა მთავარ არხთან საუბრისას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურში ტაბულას ეუბნებიან, რომ გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
შემთხვევა სოფელ ატენში 21 დეკემბერს მოხდა, შსს-ის ცნობით, პოლიციამ 8 პირი დააკავა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მათგან 6-ს ბრალი სსკ-ის 303-ე მუხლის 1 ნაწილით წარედგინა, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხას გულისხმობს.
2 პირი პოლიციამ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავა.