სრულფასოვანი განათლების მიღების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი სიღარიბეა. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) PISA-ს 2022 წლის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორგანიზაციის თანახმად მოსწავლეების უმეტესობას ხელი არ მიუწვდებათ საგანმანათლებლო მასალებზე და ვერ ერთვებიან შემეცნებით/სპორტულ აქტივობებში.
ანალიზში მიმოხილულია 10 მიზეზი, რასაც შესაძლებელია უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებაზე:
· სიღარიბე;
· სასკოლო ინფრასტრუქტურა;
· მასწავლებლის კვალიფიკაცია;
· სკოლის პოლიტიზება/დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი
· სკოლების დაფინანსება
· სასკოლო პროგრამა და მოსწავლეთა შეფასების სისტემა;
· COVID-19 პანდემია;
· მოსწავლეთა დაბალი მოსწრება;
· დაბალი ინკლუზიურობა;
· მშობლების ჩართულობა.
IDFI-ის კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ბავშვების 60%-ზე მეტს მინიმუმ ერთი მატერიალურ-სოციალური დანაკლისი აქვს. ასეთი დანაკლისი სოფლად მცხოვრები ბავშვების თითქმის ნახევარს – 47%-ს აქვს. ბავშვების 37.8%-თვის ოჯახები სამ ან მეტ საჭიროებას ვერ უზრუნველყოფენ, რაც აღემატება ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონეს – 19.6%-ს. ბავშვების 23.4%-ს მხოლოდ მატერიალური და სოციალური დანაკლისი აქვს, 5.3%-ს აბსოლუტური სიღარიბე, ხოლო ბავშვების 14.3% ერთდროულად ორივე პრობლემის წინაშეა. მესამედზე მეტი არ იკვებება სკოლაში და მატერიალური მდგომარეობის გამომდინარე, მოსწავლეთა 45%-ს არ აქვს მისთვის სასურველი სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა: კომპიუტერი, წიგნი, სახატავი და ა.შ.
შეგახსენებთ, PISA-ს განათლების კვლევაში საქართველოს 2022 წლის შედეგები, 2018 წელთან შედარებით, მათემატიკასა და კითხვაში გაუარესდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი მცირედით გაუმჯობესდა. სამივე ნაწილში, საქართველო ჩამორჩება OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს. მათემატიკაში OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 472, კითხვაში – 476, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 485 ქულაა.
