„სრული მსხმოიარობის შემდეგ „დანერგე მომავალი“-ს ბაღების მოსავლის ღირებულება 500 მლნ ლარს გადააჭარბებს“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“-ს ფარგლებში საქართველოში 22 000 ჰა-მდე ფართობზეა გაშენებული ბაღები და როცა ისინი სრულ მსხმოიარობას მიაღწევენ, მოსავლის ღირებულება 500 მლნ ლარს გადააჭარბებს.
შესაბამისი განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა. მის განცხადებას სამინისტრო გაზეთი „ჩვენი სოფელი“-ს ახალ გამოცემაში აქვეყნებს.
„ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამა გახლავთ „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც გაშენებულია 22 ათას ჰექტარამდე თანამედროვე ბაღი. ჩვენი გათვლებით, მას შემდეგ რაც, გაშენებული ბაღები სრულ მსხმოიარობაში შევა, მიღებული მოსავლის რაოდენობა 200 ათას ტონას და ღირებულებაში 500 მილიონ ლარს გადააჭარბებს. პროგრამის შედეგები უკვე აისახება საექსპორტო მაჩვენებლებზე. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მოცვი, რომელიც ბოლო წლებში სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენდა. გასულ წელს მისი ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 21 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც თითქმის სამჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს. მიმდინარე და მომავალ წლებში კი ველოდებით ამ მაჩვენებლების კიდევ მეტად ზრდას“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.