მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლსაც, რომელმაც ხელშეკრულება გაახანგძლივა, ბევრი რამის ახლებურად გააზრება მოუწევს. ორგანიზებული, გეგმაზომიერი ცვლილებები გვჭირდება და არა ქაოსური სვლები. მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის კუთხით, საქართველოს ნაკრებს ჯერ ბრძოლა არ შეუწყვეტია და ამას შესარჩევი ეტაპიდანაც ეცდება.
საქართველოს ეროვნული გუნდი მარტში სომხეთის ნაკრებთან ორრაუნდიან შეხვედრას ჩაატარებს. “ერთა ლიგის” დივიზიონში ადგილის განსაზღვრის შემდეგ, ივნისში საშუალება გვექნება ამხანაგური
მატჩები დავგეგმოთ, რაც ახლა ასე იშვიათია. ამ სტატუსის შეხვედრები ვილი სანიოლს გარკვეული ექსპერიმენტების საშუალებას მისცემს. ამას სხვა ნაკრებები “ერთა ლიგაზეც” აკეთებენ, თუმცა ჩვენ იქაც ამბიციური მიზნები გვქონდა დასახული.
ვილი სანიოლის ფეხბურთელები მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე 2025 წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში იასპარეზებენ. აქ ჩვენს 3 მეტოქეს მალე გავიგებთ და ვისურვოთ, მაქსიმალურად გაგვიმართლოს, რათა მინიმუმ მეორე ადგილისთვის ბრძოლა რეალურად შევძლოთ. ბოლო მატჩებიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია, ამიტომ მეტი გვჭირდება.
ზურიკო დავითაშვილი სომხების წინააღმდეგ
როცა სომხეთის ნაკრებმა ჩვენ გვაჯობა და “ერთა ლიგაზე” B დივიზიონში დაწინაურდა, კარგად გამოჩნდა, რომ იქ მათი ადგილი ნაკლებად იყო. მაშინ სომხებმა საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებების სხვა მიზნები მშვენივრად გამოიყენეს. ჩვენ მეზობლებს მოწინავე ადგილი არც შესარჩევ ეტაპზე დაუკავებიათ, ახლახან დასრულებულ “ერთა ლიგაზე” ის კი შეძლეს, ცხრილში ფარერის კუნძულებს აჯობეს, ვისთანაც უშუალოდ დამარცხდნენ და დაწინაურების შანსი შეინარჩუნეს. სომხეთის ნაკრები მწვრთნელს აქტიურად ეძებს და ამ საქმეში ლეგენდარული რაულიც კი გაჟღერდა.
აქ აღარ არიან ისეთი ლეგიონერები, როგორც რამდენიმე წლის წინ. მართლაც ლეგენდარულ მხითარიანს ვინღა ჩივის, მიუხედავად არც თუ დიდი ასაკისა, ვეღარ ვხედავთ ადამიანს, ვინც მაშინ თბილისში გაგვიტანა და ბარსეგიანს გურამ კაშიას “სლოვანიდან”. სომხეთის ნაკრების საუკეთესო ლეგიონერად მაინც 21 წლის გრანტ-ლეონ რანოსი უნდა ჩაითვალოს, კარიერას “დორტმუნდსა” და მიუნხენის “ბაიერნში” რომ იწყებდა და ახლა “გლადბახშია.” მას 17 სანაკრებო შეხვედრაში 4 გოლი აქვს.
წინა დაპირისპირებები რომ გავიხსენეთ, იქ სომხეთის ნაკრები რიგებში სოლომონ უდო გამოდიოდა, ახლა კი გუნდში კიდევ ერთი ნიგერიული წარმოშობის ნახევარმცველი, იგოჩუკვუ ივუა. 29 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა კლუბმა, ყაზანის “რუბინმა” შეიძინა და უკვე მეორე სეზონია, რუსეთში თამაშობს. სომხები მოსკოვის “ლოკომოტივსა” და “კრასნოდარშიც” გამოდიან.
“ჯვაროსნები” სომხეთის ნაკრებთან ფავორიტად ჩაითვლება. ამ სტატუსს ჩვენი გუნდი შეჩვეული არაა და თავს არც ისე კომფორტულად გრძნობს. გარდა ამისა, მოწინააღმდეგეების სწრაფი შეტევების მოგერიება თავად გვიჭირს. როგორი გოლი გავუშვით ჩეხეთში? გუნდი მაქსიმალურად ზემოთ იყო აწეული და პრესინგს ცდილობდა, დაცვაში კი სისწრაფეში დავიჩაგრეთ. საბა გოგლიძე სასტარტოს წევრი კი გახდება, მაგრამ გრძელვადიანად, ეს საკმარისი ვერ იქნება.
მნიშვნელოვანია იმის გათავისება, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და მხოლოდ ცალკეული ინდივიდების მაღალი კლასი თუ საშემსრულებლო ოსტატობა ყოველთვის გადამწყვეტი ვერ იქნება. მთავარი მწვრთნელი არ აღიარებს, მაგრამ ისე ჩანს, მისი ტაქტიკური სვლები სიახლეებს საჭიროებს, რადგან მოწინააღმდეგეებისგან გაშიფრულია. სანიოლი გარკვეულ ცვლილებებს ტესტავს. მაგალითად, მისი მიზანია, ორივე ფლანგი უფრო მეტად დავტვირთოთ და ჩვენი შეტევები მხოლოდ მარცხნიდან არ ვითარდებოდეს. ამასობაში, ისიც კარგად ჩანს, ჩაკვეტაძე-კვარაცხელია როცა ერთმანეთთან ახლოს მოქმედებენ, გაცილებით პროდუქტიულები არიან. მნიშვნელოვანია, კონკურენცია ყველა რგოლში მაქსიმალურად გაიზარდოს.
მთავარია, მარტისთვის ბიჭები ფორმაში იყვნენ და დასახული ამოცანა გადავჭრათ. იქიდან გამომდინარე, ევროპის მომავალ ჩემპიონატს 4 თანამასპინძელი ჰყავს, არავინ იცის, C დივიზიონის გამარჯვებული იქ რამდენად მოხდება, ამიტომ სრული კონცენტრაცია სომხეთზე უნდა მოვახდინოთ!..