სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია – ინაშვილი სტალინის გამოსახულებიან ხატზე

ირმა ინაშვილი საპატრიარქოს მოწოდებას ეთანხმება სამების ტაძარში წმინდა მატრონას სტალინის გამოსახულებიან ხატზე ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.
“სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!” – წერს პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.
საპატრიარქოს მოთხოვნამდე, ინაშვილი ამბობდა, რომ სტალინის შეცვლა ხატზე შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ მორწმუნეთა მოთხოვნით.
“თუ ჩვენ, მორწმუნე საზოგადოებას, ხატზე სტალინის ფიგურა არ მოგვწონს, ვუთხრათ ეს მშვიდად ერთმანეთს, მივმართოთ ხატმწერს და სტალინის ფიგურას იმ ავადმყოფის ფიგურით ჩაანაცვლებს, რომელიც წმინდა მატრონამ კიბოსგან განკურნა, მაგრამ ეს ჩვენი კეთილი აზრით და სურვილით უნდა გავაკეთოთ”, – წერდა ინაშვილი ცოტა ხნით ადრე.
მატრონა მოსკოველის ხატზე ინფორმაცია, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული 7 იანვარს გავრცელდა. სასულიერო პირების განცხადებით, უკვე რამდენიმე თვეა, რაც ხატი სამების ტაძარშია. მოგვიანებით, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ ტაძარს ხატი მან შესწირა. იგივე განმარტება განმარტება გაავრცელა საპატრიარქომაც. როგორც საპატრიარქო, ისე პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მიიჩნევენ, რომ ის დისკუსია, რაც საზოგადოებაში ხატზე სტალინის გამოსახვას მოჰყვა, მიზანმიმართული აქტია, რომ “შობის სიხარული წაართვან ხალხს”. მათი შეფასებით, სტალინის ხატზე გამოსახვა არც დანაშაულია და არც ნეგატიური მნიშვნელობის მატარებელი.
9 იანვარს, ხატს, სავარაუდოდ, საღებავი შეასხეს. ფაქტზე გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო. ხატზე საღებავის შესხმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა. ამას სოციალურ ქსელში მისი შეურაცხყოფა და მუქარები მოჰყვა. მუქარების გამო ნატა ფერაძემ იმავე დღეს პოლიციას მიმართა. 10 იანვარს ფერაძის სახლთან პრორუსული ჯგუფის, ალტინფოს წევრები ძალადობრივი და მუქარისშემცველი მოწოდებებით შეიკრიბნენ. ასევე, აქტივისტის სახლთან თავს დაესხნენ მის მეგობრებს. ამავე დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება გახდება. საპატრიარქომ 11 იანვარს განცხადება გაავრცელა და შემომწირველებს მოუწოდა, ხატში ცვლილებები მათ ან თავად შეეტანათ, ან ამას საპატრიარქო იზამდა.
ამავე თემაზე:
· ხატზე სტალინის გამოსახვას პოლონეთის საელჩო საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა სტატისტიკით ეხმაურება
· სოვლაბი საპატრიარქოს მოუწოდებს, გაიტანოს ხატი სტალინის გამოსახულებით სამებიდან
· “სტალინის გამოსახულებით ხატი მზაკვრული ჩანაფიქრის ნაწილია” – ინტერვიუ მირიან გამრეკელაშვილთან

ასევე დაგაინტერესებთ