Tbilisi Open Air ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ის იზიარებს და სოლიდარულია პროტესტის ორი მთავარი მოთხოვნის, კერძოდ ახალი არჩევნების და აქციებზე უდანაშაულოდ დაკავებულების გათავისუფლების მიმართ.
განცხადების თანახმად, ისინი ღონისძიებას აორგანიზებენ, რომელიც პირველად ქალაქ რუსთავში უნდა ჩატარდეს.
“სოლიდარობის ენერგეტიკა – ეს არის RETCO -სა და Tbilisi Open Air -ის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანი ქვეყანაში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კრიზისის განმუხტვა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილის შეტანაა.
ამ ახალი საპროტესტო ფორმით გვსურს, ჩვენს მომხმარებლებს, თანამშრომლებსა და მსმენელებს მკაფიოდ გავაგებინოთ, რომ სრულიად ვიზიარებთ და სოლიდარულები ვართ პროტესტის ორი უმთავრესი მოთხოვნისადმი:
1. ახალი, სამართლიანი არჩევნები
2. საპროტესტო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებების გათავისუფლება
მიგვაჩნია, რომ ბიზნესისა და სახელოვნებო სფეროების ასეთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობა – სოლიდარობით შექმნილი ენერგეტიკა – ხელს შეუწყობს პროტესტის ძირითადი მოთხოვნების კიდევ უფრო ფართო საზოგადოებისთვის გაზიარებასა და მის დედაქალაქს გარეთ გავრცელებას. პირველი ღონისძიება ამ პროექტის ფარგლებში ქალაქ რუსთავში ჩატარდება.
გვჯერა, რომ ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის აღება საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა – განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა თუ პროფესიისა.
ჩვენ – RETCO და Tbilisi Open Air მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენს ინიციატივას თანამოაზრეებიც შემოუერთდებიან, რაც ამ პროექტისთვის სიცოცხლისუნარიანობის შეძენისა და მისი შემდგომი განვითარების უმთავრესი წინაპირობაა. მივესალმებით გამოხმაურებას ყველა იმ ბიზნესისგან, რომელიც პლატფორმა freebusiness.ge-ზე ღიად აფიქსირებს საკუთარ პოზიციას.
გელოდებით 11 იანვარს ქალაქ რუსთავში ჩვენს პირველ საერთო ღონისძიებაზე!”, – წერია განცხადებაში.