“სრულიად გამაშიშვლეს ორჯერ” – რა ხდება გელა ხასაიას სასამართლო პროცესზე

სასამართლოთი, გირჩი–მეტი თავისუფლების წევრის, გელა ხასაიას პროცესი დაიწყო, მის ინტერესებს იცავენ ადვოკატები: ომარ ფურცელაძე და ირაკლი ჩომახაშვილი.
დაკავების დრო არის არასწორი, დამაკავეს იმ დროიდან როცა ამიყვანეს, სახლისკენ მიმავალს 10–მდე ადამიანის წრეში მომაქციეს და ჩამსვეს მანქანაში, დაახლოებით 22:00დან – 23:00მდე შუალედში, და არასწორად არის ოქმში დრო მითითებული. აქციის შემდეგ ამოვედი სადგურის მოედანზე დადიანის მხარეს, მაღაზიაში შევიძინე პროდუქტები და სახლისკენ ავუხვიე, წინ შკოდამ აიარა და როგორც კი თავი ჩავწიე, ათამდე ადამიანი წინ დადგა, ერთმა მაჯაზე მომკიდა ხელი და ტელეფონის წართმევა სცადა, მე მოვასწარი ტელეფონის დაბლოკვა, არ განუმარტავთ ვინ იყვნენ, საიდან, რა უნდოდათ, ჩამტენეს მანქანაში, მანქანაში ვკითხე ვინ იყვნენ, პოლიციიდან ვართო, ერთი ვიცანი სახეზე, სულ ვხვდებოდი აქციებზე, მან მითხრა რომ ხომ დაგპირდი რომ დაგიჭერდი სისხლის სამართლითო. წამიყვანეს მარჯანიშვილის ტერიტორიაზე, დიდ ოთახში შემიყვანეს, 20–მდე პოლიციელი იყო, არავინ მეუბნებოდა რატომ მიმიყვანეს, განყოფილებაში სრულიად გამაშიშვლეს და ისე გამჩხრიკეს, დაახლოებით 20 წუთის შემდეგ იგივე გააკეთეს სხვა ოთახში, მზია ამაღლობელს მახსენებდნენ ხშირად, ასევე ჩემს მეგობარ საბა სხვიტარიძეს და მეუბნებოდნენ რომ ორივე ძმაკაცი მოძალადეები ხართო. ვუთხარი რომ ადვოკატის გარეშე არაფრის თქმას არ ვაპირებდი, შემდეგ მითხრეს რომ დედაჩემისთვის უნდა დაერეკათ და რიგი მიზეზების გამო ეს არ მინდოდა, ამიტომ გავუცვალე მოყოლაში, შემდეგ მითხრეს რომ 120 მუხლით ვიყავი დაკავებული, მაგრამ მერე შეცვალეს
პროცესზე ბრალმდებელი მხარე ამტკიცებს, რომ გელა ხასაია მათ არ დაუკავებიათ, რომ ის თავად გამოცხადდა პოლიციაში. როგორც ჩანს, პროკურატურას არ ჰქონდა მისი დაკავებისთვის საჭირო მტკიცებულებები, თორემ, რატომ შეიძლება უარჰყოფდე დაკავებას? ადვოკატმა მოითხოვა, თუკი, გელა ხასაიას დაურეკეს გამოსაკითხად და ის თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში, მაშინ აჩვენონ შემავალი ზარი, პროკურორს პასუხი არ აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ის არის ბრალდების წარმომადგენელი, ამბობს, რომ ეს კითხვა გამომძიებელს უნდა დაუსვან. წესით, საქმეში, რომელიც პროკურატურას უნდა შეედგინა, უნდა იყოს ამ გამომძიებლის პატაკი, ტელეფონის ნომრითურთ, მაგრამ როგორც ჩანს, არაა, ამიტომაც არ აქვს პროკურორს პასუხი.
მიუხედავად ამისა, აღმკვეთი ღონისძიების სახედ, პროკურატურა დაჭერას ითხოვს.
გელა ხასაია 29 სექტემბერს დააკავეს და სისხლის სამართლის 118.2 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ედება ბრალად, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად.
გელა ხასაიას თვეებისა და წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს ემუქრებოდნენ, რომ მისი სოციალური, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმის მიზეზით მას დააკავებდნენ და ძალიან დიდ დროს გაატარებდა ციხეში.