მოკლედ
· ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა შაჰინმა საქართველოზე ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სენატში გამოსვლისას.
· მან საქართველო ახსენა უკრაინის კონტექსტში და თქვა, რომ უკრაინა არ არის ერთადერთი ადგილი, “სადაც კრემლი მეზობლების გასაკონტროლებლად და მათი პოლიტიკური კურსის კარნახისთვის იძულების მეთოდებს იყენებს.”
· სენატორი შაჰინი არაერთხელ გამხდარა “ოცნების” თავდასხმების სამიზნე საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული კურსის კრიტიკის გამო – მმართველი პარტიის წევრებს მის მიმართ უხმარიათ შეურაცხმყოფელი ფრაზები.
“უკრაინა არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც კრემლი მეზობლების გასაკონტროლებლად და მათი პოლიტიკური კურსის კარნახისთვის იძულების მეთოდებს იყენებს.
გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა. მან რეპრესიული კანონები მიიღო. მან უარი თქვა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ პირობაზე ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების შესახებ. მან სამოქალაქო საზოგადოებაზე
ზეწოლა მოახდინა და პოლიტიკური ოპოზიცია დააკავა. აღნიშნული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მათ შორის ნინო დოლიძე, დემოკრატიის ეროვნული ინსტიტუტის დემოკრატიის ჯილდოს მფლობელი, ძირითადი უფლებების დასაცავად პირადი რისკის ფასად მუშაობენ. მათი ბრძოლა ფართო გლობალური წინააღმდეგობის ნაწილია”- თქვა სენატორმა შაჰინმა სენატში სიტყვით გამოსვლისას.
სენატორი შაჰინი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და საქართველოსთან დაკავშირებული “მეგობარი აქტის” ერთ-ერთი ინიციატორია.
ფორუმი




