სროლა მარნეულის ბაზარში – დაჭრილია მამა-შვილი

მარნეულის ბაზარში, ოქროს მაღაზიაში სროლა იყო. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი, მამა-შვილი დაიჭრა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი და ექიმების ინფორმაციით, მათ სასწრაფო ოპერაცია უტარდებათ.
თვითმხილველები “პირველებს” უყვებიან, რომ არ უნახავთ როგორ შევიდა ტერიტორიაზე შეიარაღებული პირი, თუმცა დაინახეს, როგორ ტოვებდა ის შემთხვევის ადგილს. ირკვევა, რომ ვიდრე დაჭრილებს საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა იქ მომუშავეებს უთხრა, რომ შეიარაღებულ პირს არ იცნობდა.
ახალი წელია, გვეგონა, სროლის ხმა მაგიტომ იყო. მერე დაჭრილი დავინახეთ. ეს ბიჭი 30 წლამდე იქნებოდა, აქ მუშაობდა, ოქროს ყიდდა. გასროლა იქით რიგში მოხდა. დედა იყო მოსული და კლინიკაში წაიყვანეს, – ამბობს ადგილზე დასაქმებული პირი.
ერთ-ერთი ვერსიით, სროლა შესაძლოა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს, თუმცა ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც საქმე დიდ ფულს ეხებოდა.
მომხდარის ადგილას პოლიციაა მობილიზებული – ბაზრის პერიმეტრი ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველი სტრუქტურები სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოწმებენ, რათა დაადგინონ თავდამსხმელის ვინაობა.
მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.