სპორტული ღონისძიების მიუხედავად ბაკურიანის სასტუმროებში დამსვენებელთა სიმცირე იყო – „კომერსანტი“ დაბაში არსებულ სასტუმროებს ესაუბრა

20 – 21 დეკემბერს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) მოგულის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა გაზარდა თუ არა დამსვენებელთა რაოდენობა სპორტულმა ღონისძიებამ. ჩვენ რამდენიმე სასტუმროს დავუკავშირდით. ,,დიალოგი კოხტას’’ ადმინისტრატორი აცხადებს, რომ ჩემპიონატის დღეებში დამსვენებლები ჰყავდათ, თუმცა მათი უმეტესობა უცხოელი იყო. სასტუმროში ამბობენ, რომ ახალი წლის დღეებში მოთხოვნა შედარებით მაღალია და ნომრების 90%-ზე მეტი დაჯავშნილია. თუმცა ამ ეტაპზე სასტუმროს ცოტა დამსვენებელი ჰყავს.
,,დამსვენებლები გვყავდა, მაგრამ მასიურად და აქტიურად არა. ასე თუ ისე დამსვენებელი გვყავდა. ძირითადად უცხოელები იყვნენ. ჩვეულებრივი დამსვენებლები იყვნენ და ამ ღონისძიებასთან კავშირი არ ჰქონდათ როგორც ვიცი. ამ ეტაპზე სასტუმროს დატვირთვა 26%-ს შეადგენს. მაგრამ 30 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით 90%-ზე მეტია დატვირთვა. ველოდებით მეტ აქტიურობას. გვაქვს ჯავშნები, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის მთლად კარგი მდგომარეობა. ჯავშნების ნახევარი უცხოელ დამსვენებლებზე მოდის.’’- აცხადებენ ,,დიალოგი კოხტაში’’.
სპორტული ღონისძიების მიუხედავად, დამსვენებლები არ ჰყოლიათ „კოსტა პლაზაში“. სასტუმროს მენეჯერი თინათინ დარახველიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ჩემპიონატისთვის დამახასიათებელი განწყობა და ხალისი დაბა ბაკურიანში არ შეინიშნებოდა. მისივე თქმით, სასტუმრო ჯავშნების მიმართულებით დეფიციტს განიცდის, რადგან ბევრმა შეკვეთა გააუქმა. „კოსტა პლაზაში“ განმარტავენ, რომ 3 იანვრის შემდეგ ჯავშნები არ აქვთ.
,,ამ პერიოდში დამსვენებლები არ გვყავდა. ჩვენი სასტუმრო ახლოს მდებარეობს იმ ტერიტორიასთან, სადაც ჩემპიონატი ჩატარდა. საერთოდ, დიდად არ იგრძნობოდა აქ ჩემპიონატი რომ ტარდებოდა. ხალისი არ დატყობია ბაკურიანს. რაღაც რომ ეტყობოდეს დაბას არ იყო ეგეთი განწყობა. ჯავშნების მიმართულებით ცუდი ვითარებაა. ახალ წელს არის ჯავშნები. ადრე დაჯავშნეს, მაგრამ უქმდება ეტაპობრივად და არ ვიცი ახალ წელს რა იქნება. გაუქმების ბევრი შემთხვევაა. ძირითადად უცხოელებმა გააუქმეს ჯავშნები. ახალი წლის დღეებში, სულ სამ დღეზეა ჯავშნები. 90%-ით არის სავსე, მაგრამ ვერ ვენდობი, იმიტომ რომ შეიძლება გაუქმდეს. საუბარია 31 დეკემბერზე, 1 და 2 იანვარზე. 3 იანვრის შემდეგ საერთოდ არ გვყავს ხალხი.’’- აცხადებს მენეჯერი თინათინ დარახველიძე.
20-21 დეკემბერს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) მოგულის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 19 ქვეყნის 91 სპორტსმენი ასპარეზობდა. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. 2025 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გუდაურში გაგრძელდება. 28 თებერვალი – 1 მარტი – სკი კროსი, 8 – 9 მარტი – სნოუბორდ კროსი.