„სპორტინგი“ გიორგი ქოჩორაშვილს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აკვირდებოდა – „ლევანტეს“ ყოფილი სპორტული დირექტორი
„ლევანტეს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფელიპე მინიამბრესმა გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ლისაბონის „სპორტინგი“ ქართველ ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აკვირდებოდა.
„სპორტინგმა“ ქოჩორაშვილის შეძენა 31 მარტს ოფიციალურად დაადასტურა. ლისაბონურმა კლუბმა ქართველი ნახევარმცველის სანაცვლოდ 5.5 მილიონი ევრო გადაიხადა, ასევე გათვალისწინებულია 2 მილიონი ევროს ბონუსი. ფეხბურთელმა პორტუგალიურ გრანდთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა, გამოსასყიდ თანხად კი 80 მილიონი ევრო განისაზღვრა.
Cope-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფელიპე მინიამბრესმა აღნიშნა, რომ ტრანსფერზე მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო. „სპორტინგი“ იანვარში დაინტერესდა კიდევ ერთი მოთამაშით, ანდრეს გარსიათი, რომელიც საბოლოოდ ინგლისურ „ასტონ ვილაში“ გადავიდა.
„სანამ ანდრესი „ასტონ ვილაში“ გადავიდოდა, მანამდე მისით „სპორტინგი“ იყო დაინტერესებული. ამის შესახებ მაშინდელი სპორტული დირექტორისგან, უგო ვიანასგან შევიტყვე. მას ვუთხარი ქოჩორაშვილზეც და მითხრა: „ფელიპე, 2024 წლის ზაფხულში ვაპირებდით მის ტრანსფერს, მაგრამ იმ ფეხბურთელების გაყიდვა ვერ მოვახერხეთ, ვინც უნდა გაგვეშვა, რათა ქოჩორაშვილისთვის ადგილი გაგვეთავისუფლებინა. წელს ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, — ამბობს მინიამბრესი.
