ბრიტანულ გაზეთ Times-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ ჯონსონმა გრენლანდიის საკითხზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აშშ-ს გრენლანდიის მოსახლეობის მიმართ “ბოროტი განზრახვა” არ აქვს.
ინტერვიუში ჯონსონმა აღნიშნა, რომ “ცხადია, ჩვენ გრენლანდიელი ხალხის მიმართ ბოროტი განზრახვა არ გვაქვს. ეს მეგობრობაა და იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება.”
ხოლო კითხვაზე, ეთანხმება თუ არა პრეზიდენტ ტრამპს, რომ აშშ-ს გრენლანდიაზე პრეტენზია აქვს, ჯონსონი პასუხობს, რომ აშშ-ს “დიდი ინტერესი” აქვს. “ჩვენთვის მას გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს მისი ადგილმდებარეობის გამო”. – განმარტავს ჯონსონი.
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს სიახლე არ არის – ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტები ამის შესახებ ტრუმენის დროიდან ლაპარაკობენ და ვნახავთ, როგორ განვითარდება ეს მოწყობა.” – დაამატა მან.
იანვრის დასაწყისში სპიკერმა ჯონსონმა განაცხადა, რომ გრენლანდიაში აშშ-ს სამხედრო მოქმედებები “არ იქნებოდა მიზანშეწონილი”. მიმდინარე კვირაში NATO-ს წევრმა ქვეყნებმა გრენლანდიაში მცირე რაოდენობის სამხედროები გაგზავნეს, რასაც ჯონსონი 16 იანვარს მიესალმა.
“ეს მოვლენების პოზიტიურ განვითარებად მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპის მხრიდან ამის ხაზგასმამ საკითხისადმი ჩვენი მოკავშირეების ყურადღება მიიქცია.” – განაცხადა მან.თუმცა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 17 იანვარს დაწერა, რომ ევროპული ქვეყნების მხრიდან გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნა “სახიფათო” და “გაუმართლებელ” ნაბიჯად დაახასიათა.
ამასთანავე, ტრამპმა დაწერა, რომ გრენლანდიის საკითხზე უთანხმოების გამო დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 1-ელი თებერვლიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველა პროდუქციაზე 10%-იან ტარიფს დაუწესებს.
ტრამპის თქმით, ივნისიდან ტარიფი 25%-მდე გაიზრდება და ასე შენარჩუნდება, სანამ აშშ-ს მიერ გრენლანდიის სრულად შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნება მიღწეული.




