შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმი, გარდა პარლამენტის მიმდინარედ, რუსთაველის გამზირისა, მობილიზებულია რესპუბლიკის მოედანზე, – დემონსტრაციის ძირითადი კერისაგან დაახლოებით 600 მეტრის დაშორებით.
იქვეა წყლის ჭავლის მანქანაც.
რესპუბლიკის მოედანზე სპეცრაზმელებმა უკვე დააკავეს რამდენიმე ადამიანი 01:30 საათისათვის.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციების მე-9 ღამეს სპეცრაზმმა კვლავ დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. დააკავეს არაერთი ადამიანი – მათი რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.
დაკავებულთა შორისაა ცოტნე კობერიძე, თბილისის საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“.
დააკავეს ასევე ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორდონის წინ რამდენიმე წუთის განმავლობაში იდგა.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა დაახლოებით 00:30-ზე დაიწყო.
თავისუფლების მოედანზე განლაგებული სპეცრაზმელები, სპეცტექნიკის თანხლებით დაიძრნენ.
ამჟამად კვლავ ისმის გამაფრთხილებელი შეტყობინებაც, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებს.
სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისგან ათავისუფლებს რუსთაველის გამზირს. დემონსტრანტებმა „ცისფერი გალერეისკენ“ გადაინაცვლეს, თუმცა არ იშლებიან.