ოცს აღემატება იმ ჟურნალისტების რაოდენობა, ვისაც გასულ ღამეს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, პოლიცია და სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. ზოგიერთი მათგანის ჰოსპიტალიზებაც გახდა საჭირო.
პირდაპირ ეთერში იყო ნაჩვენები, ფორმულას ჟურნალისტზე, გიორგი როგავაზე თავდასხმა, რომელიც თავადაც პოლიციის მხრიდან ძალადობას აშუქებდა ზუსტად თავდასხმის მომენტში.
გურამ როგავას, ფორმულას ცნობით, ხერხემლის მალისა და თვალთან სახის ძვლის მოტეხილობა აქვს.
„მწვანე შუქი ჰქონდათ მიცემული, რომ გაეკეთებინათ ის, რაც გამიკეთეს. […] არ მაინტერესებს, ვინაა ის ნიღბიანი. მე იქ ირაკლი ჩიხლაძემ ჩამარტყა, „იმედის“ ჟურნალისტმა და ჩემი ბავშვობის მეგობარმა. ჩამარტყეს პირველი არხის თანამშრომლებმა, ვინც წლების განმავლობაში ჩემი მეგობრები იყვნენ. რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა მცემეს მე იქ. სადაც კი მიმუშავია, იმ ადამიანებმა მცემეს. მათ მადლობა. სპეცრაზმელს არაფერს ვერჩი. ის, რაც ამ კადრებში ხდება, ჩვენი კოლეგების დამსახურებაცაა“, — თქვა გურამ როგავამ კლინიკიდან ფორმულას ეთერში.
ცხვირი აქვს გატეხილი და ოპერაცია დასჭირდა ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, ლექსო ქეშელაშვილს.
„ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით იმოქმედა, ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს. ერთგვარ კორიდორში გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად, სახეში. წამართვეს კამერები, ბეიჯი, აირწინაღი. ასე ხელიდან ხელში გადავყავდი და ყველა სათითაოდ მირტყამდა, სანამ ჭიჭინაძის ქუჩიდან პარლამენტის უკანა ტერიტორიის გავლით, 9 აპრილის ქუჩამდე არ ამიყვანეს, იქ გამიკეთეს ბორკილები.
მოვითხოვე სამხრე კამერის ჩართვა, რაზეც ძალიან გულიანად დამცინეს. განყოფილებაში უკვე მშვიდად შემხვდნენ, ცოტა მაგრამ სახეზე დაზიანებების გამო გადამიყვანეს კლინიკაში“, — დაწერა გამთენიისას თავად ლექსო ქეშელაშვილმა.
20-მდე სხვა ჟურნალისტი დაშავდა წიწაკის სპრეის შესხმის, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების, და პოლიციისა და სპეცრაზმელების მხრიდან ფიზიკური თავდასხმის შედეგად. მათ შორის არიან ნეტგაზეთის, პუბლიკას, სტუდია მონიტორის, OC Media-ს, JAMnews-ის, რადიო თავისუფლების, ტვ პირველის, მთავარის, ფორმულას, პროექტი 64-ის, ექსპრესნიუსის რეპორტიორები. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სასწრაფომ ტერიტორიიდან კლინიკაში 4 ჟურნალისტი გადაიყვანა. უწყებას არ აქვს ინფორმაცია რამდენმა მათგანმა მიმართა საავადმყოფოებს თვითდინებით.
ჯანდაცვის სამინისტროში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ უშუალოდ სასწრაფოს მიერ გადაყვანილი ადამიანების რაოდენობა 33-ა. ამათგან მომიტინგეა 13, მედიასაშუალებების 4 თანამშრომელი და შსს-ს 16 თანამშრომელი. უწყებაში ამბობენ, რომ მათგან ყველას მდგომარეობა სტაბილურია და უმეტესობამ კლინიკები უკვე დატოვა. უცნობია სამკურნალო დაწესებულებებში თვითდინებით მისული მომიტინგეების რაოდენობა.
გასულ ღამით დაკავებულია 43 ადამიანი, საპროტესტო აქციებისას დაკავებული ადამიანებისთვის უკვე ტრადიციული მუხლებით, რომელიც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.