აჭარაში, 17 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაშავებული ქალის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ბათუმელები პროკურორზე დაყრდნობით ავრცელებს.
“გასროლას ჰქონდა ადგილი… გამოძიება დაწყებულია” – მედიის ცნობით, უთხრა მათ პროკურორმა ლაშა ლოლუამ.
პროკურორი არ აკონკრეტებს, რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება, ბათუმელების ცნობით, ლაშა ლოლუას თქმით, საქმის ზედამხედველი პროკურორი ის არ არის და დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა ასევე ამბობს, რომ თამარ მიქელაძეს დაზიანება გასროლის შედეგად არ აქვს მიყენებული.
“ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია. ასევე, დავადასტურებ და ხაზგასმით აღვნიშნავ იმას, რომ თამარ მიქელაძეს არ აქვს მიყენებული დაზიანება ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, ასევე სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტაციით დასტურდება, მას აღენიშნება მხოლოდ ზედაპირული ნაკაწრები, რაც არ არის მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად” – უთხრა პროკურორმა ბათუმელებს 19 მარტს, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
ბათუმელები ასევე წერს, რომ დაშავებული ქალის, თამარ მიქელაძის ოჯახის წევრებმა, მათ შეატყობინეს, რომ შემთხვევის ადგილზე, სავარაუდოდ, სპეცოპერაციის დროს გასროლილი ტყვიის დეტალი და ნატყვიარი იპოვეს, რისი სურათებიც მედიას მიაწოდეს.
სავარაუდოდ, ნატყვიარი და ტყვიის დეტალი თამარ მიქელაძის სახლში, რომელიც ბათუმელებს მისმა ოჯახის წევრებმა მიაწოდესგამოცემა, დაშავებული ქალის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ მათთან გამომძიებელი 18 მარტს მივიდა, დაშავებული გამოჰკითხა და მას ექსპერტიზა ჩაუტარდა.
შსს: აჭარაში, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, 5 პირს ბრალი წარედგინა
17 მარტს, ღამით, აჭარაში შსს-სა და სუს-ის ერთობლივი სპეცოპერაცია ჩატარდა. ივანიშვილის შს მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინა, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს, ასლან ქობულაძეს.
სპეცოპერაციის დროს დაშავდა ერთ-ერთი ბრალდებულის დედა, თამარ მიქელაძე, რომელიც ამბობს, რომ დაზიანება გასროლის შედეგად მიიღო. აღნიშნული უარყო გეკა გელაძემ. მისი თქმით, მოქალაქემ დაზიანება მინის ნამსხვრევისგან მიიღო.
“არანაირ დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საპოლიციო ღონისძიების დროს გახდა აუცილებელი, რომ მოქმედებაზე გადასულიყო სპეცდანიშნულების რაზმი, შესაბამისად, ფანჯრის ერთ-ერთი მინის ნამსხვრევისგან მიიღო ქალბატონმა მცირედი დაზიანება. კლინიკამ გააკეთა შესაბამისი განმარტება და ქალბატონი უკვე გაწერილია სახლში” – თქვა გელაძემ 17 მარტს.
ბათუმელები მიქელაძის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ სახლში გაწერის შემდეგ ქალის მდგომარეობა დამძიმდა და ის 19 მარტს კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს.