სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-სა და პენიტენციური დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გასცა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კოკა კაციტაძის განცხადებით, დაკავების სტანდარტების გაუმჯობესებასა და ნეიტრალური მტკიცებულებების გაზრდასთან დაკავშირებით სამსახურმა -ს საქმიანობასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ მან იურიდიულ კომიტეტზე მოსმენისას აღნიშნა.
„არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში ფიგურირებს სულ 261 სავარაუდო მსხვერპლი, რომელთა 52% დაკავებული იყო სამართალდამცავების მიერ და მიუთითებდნენ ფიზიკური ძალის არაპროპორციულად და გადამეტებით გამოყენების შემთხვევებზე.
მიზანშეწონილია, შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტის/სასწავლო მოდულისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, მაღალი სტანდარტით დაკავების ღონისძიების განსახორციელებლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეტაპობრივად და კასკადურად დაიწყოს იმ თანამშრომელთა გადამზადება, ვისაც უშუალოდ უწევთ პირის დაკავება ან/და გადაყვანა.
მოქალაქესა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტის ობიექტურად შესაფასებლად აუცილებელია ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომლის საუკეთესო საშუალებასაც სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერები წარმოადგენს.
მიზანშეწონილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან სამხრე კამერების ეფექტური გამოყენებით, გაიზარდოს ნეიტრალური მტკიცებულების (ვიდეოჩანაწერის) მოპოვების შემთხვევები. ერთ-ერთი რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვას ეხება. საგამოძიებო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ განჩინების გადაგზავნის შემდგომ, „112“ სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში აწვდის სამსახურს ვიდეოჩანაწერებს, აუცილებელია ამ ვადების შემცირება და ჩანაწერების მოკლე დროში გადმოცემა, რათა მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება უფრო სწრაფად მოხდეს.
ასევე, გაიცა რეკომენდაცია, სამართალდამცავმა ორგანომ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს სტანდარტული ოპერაციული წესები/სასწავლო მოდული, რომელიც დაარეგულირებს დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის გამოყენების სტანდარტებს.
აღნიშნული რეკომენდაციების ირგვლივ სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამართალდამცავ ორგანოებთან სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს ფორმატში აქტიურად თანამშრომლობს”, – აღნიშნა კაციტაძემ.
ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი 2022 წლის საქმიანობის ანგარიში პენიტენციური სამსახურისთვის გაცემულ რეკომენდაციებსაც მოიცავს.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ როგორც ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას გამოვლინდა, პრაქტიკაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები არ ახორციელებენ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების უშუალო მონიტორინგს.
„მიზანშეწონილია სამართლებრივ აქტებში მკაფიოდ დარეგულირდეს საექსპერტო დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევაზე ზედამხედველობის, მეთვალყურეობის წესები და დაევალოს პენიტენციურ სამსახურს ასეთი ტიპის პატიმრებზე ზედამხედველობის განხორციელება,“ – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში ასევე, საუბარია კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, კერძოდ, სუიციდის პრევენციის პროგრამის ეფექტიანობის ხარისხზე. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სუიციდისკენ მიდრეკილ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენა და სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.
„მიზანშეწონილია, პროგრამით განსაზღვრული მიზნის შესასრულებლად – სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იდენტიფიცირება და სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება, დაიხვეწოს სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასებისას ქულების მინიჭების სქემა, რათა არ მოხდეს ისეთი პატიმრებისთვის დაბალი რისკის განსაზღვრა (რაც ნიშნავს პატიმრის დარჩენას სუიციდის პრევენციის პროგრამის მიღმა), რომლებიც ობიექტურად არიან საშუალო ან/და მაღალი რისკის მატარებელნი,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის მიხედვით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში, სახანძრო უსაფრთხოების სისტემებთან დაკავშირებული ხარვეზებიც.
როგორც კომიტეტის სხდომაზე კოკა კაციტაძემ აღნიშნა, მიზანშეწონილია, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად შეიმუშაონ და გააუმჯობესონ მათი კომპეტენციის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო-უსაფრთხოების წესები. სასურველია ინსპექტორის თანამდებობაზე მყოფ პირს გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება და სამართლებრივი აქტით მკაფიოდ გაიწეროს მისი ფუნქცია-მოვალეობები.
ამასთან, მისივე თქმით, მიზანშეწონილია, პენიტენციურ დაწესებულებებში მოეწყოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურა.
„რეკომენდებულია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებაში განხორციელდეს ცვლილებები ან დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოიცეს სამართლებრივი აქტი და მკაფიოდ განისაზღვროს ამავე დეპარტამენტში შემავალი ინფრასტრუქტურული განვითარების სამმართველოს უფროსის მოვალეობები და პასუხისმგებლობა პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის გაკონტროლებასთან დაკავშირებით. ასევე, სასურველია სამმართველოში გამოიყოს კონკრეტული პირი, რომელსაც დაევალება აღნიშნული ფუნქციის შესრულება, რასაც იგი განახორციელებს გარკვეული პერიოდულობით,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ