2022 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით, მოქალაქეთა საჩივრებთან და პრეტენზიებთან დაკავშირებით 3500 სამართალდამცავია გამოკითხული – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას აღნიშნა.
მისივე თქმით, 2022 წლის 1-ელ მარტს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მასზე დაკისრებული მანდატის განხორციელებასთან ერთად წინამორბედი სამსახურის მიერ დაწყებული რამდენიმე ასეული სისხლის სამართლის საქმეც გადაეცა, სადაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სწორედ ის გარემოება წარმოადგენდა, რომ უმეტეს შემთხვევაში სამართალდამცავები მათ მიმართ არსებულ საჩივრებთან დაკავშირებით არ იყვნენ გამოკითხული.
„ეს მოცემულობა ცხადად აჩვენებს სახელმწიფოს მაღალ პასუხისმგებლობას არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის და მოქალაქეთა უფლებების დაცვის მიმართულებით. დღეს, ყველა სამართალდამცავმა, განურჩევლად მისი თანამდებობისა, რანგისა თუ პოზიციისა იცის, რომ მის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებით მოქალაქის პრეტენზიის ან საჩივრის შემთხვევაში მოუწევს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება, რამდენიმე საათის განმავლობაში გამომძიებლის შეკითხვებზე პასუხის გაცემა და მათ შორის დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში პასუხისმგებლობის დაკისრება. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 1 მარტიდან მოყოლებული ეს პროცესი არ შეფერხებულა და ეს მათ შორის მიანიშნებს იმ სამართალდამცავი ორგანოების მაღალ პასუხისმგებლობაზე, რომელთა თანამშრომლების მიმართაც საჩივრები არსებობს. ასევე, ნათლად წარმოაჩენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, როგორც ამ კატეგორიის საქმეების გამოძიების უფლებამოსილების მქონე უწყების როლს და არჩეულ სწორ კურსს.
ფაქტობრივად, არცერთი ის სამართალდამცავი, რომლის მიმართაც საჩივარი არსებობდა, არ დარჩენილა პასუხისმგებლობის მიღმა და შესაბამისად ჩვენ ამ პროცესში არ დაგვიტოვებია არცერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა. სწორედ ამას მოწმობს 3500 სამართალდამცავის გამოკითხვა.
ამ პროცესმა მათ შორის მოიტანა ისეთი მნიშვნელოვანი შედეგი, როგორიც დანაშაულის პრევენციაა, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთ მთავარ გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს. არასათანადო მოპყრობის დანაშაულის კლება სახეზეა და ამის თაობაზე ჩვენ დეტალურ ანგარიშს საზოგადოებას მოგვიანებით წარვუდგენთ.“- განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა საკომიტეტო მოსმენაზე.
ამასთან, მისივე თქმით, ეფექტიანი გამოძიებისა და სამსახურის ხელმისაწვდომობისთვის, ახალი სათავო ოფისი აშენდება, რუსთავსა და გორში კი რეგიონული ოფისები დაგვემატება.
„საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალი სათავო ოფისის მშენებლობის პროცესი დაიწყო.
სამშენებლო სამუშაოები სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ. მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 4 440 მ2 მიწის ნაკვეთზე განხორციელდება.
ადმინისტრაციული შენობა ენერგოეფექტური და სამსახურის ფუნქციებსა და საქმიანობის სპეციფიკაზე სრულად იქნება მორგებული. აღიჭურვება უსაფრთხოებისათვის აუცილებელი თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული ტექნიკითა და ინვენტარით. ასევე, მოეწყობა საკონფერენციო სივრცე, არასრულწლოვანთა გამოკითხვის, მოქალაქეებთან შეხვედრების და ამოცნობის ჩასატარებელი ოთახები. ადმინისტრაციული შენობის საერთო და სამუშაო დანიშნულების სივრცეები შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული და არასრულწლოვანთა ინტერესებზე მორგებული იქნება.
ახალი შენობა გააუმჯობესებს სამუშაო გარემოს, ხელს შეუწყობს თანამშრომლებს სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში, უფრო მეტად ეფექტურს გახდის საგამოძიებო პროცესს და მომდევნო წლებში შეამცირებს იჯარით აღებული შენობისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას“, – განაცხადა კაციტაძემ.