“სპეკულირება არ მინდა” – EU-ს ელჩი კითხვაზე, საქართველოს როგორ შეეხება ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის ცვლილება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ჟურნალისტების კითხვაზე, შეეხება თუ არა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის ცვლილება საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, პასუხობს, რომ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებენ წევრი ქვეყნები და მის მიღებამდე ვარაუდები სპეკულაცია იქნება.
„ამ კითხვას საკმაოდ ხშირად მისვამენ და ვცდილობ, არ ვუპასუხო, რადგან უბრალოდ არ მინდა სპეკულირება. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ახალი მექანიზმი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისთვის, რომლებიც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ დეკემბერში, მომავალ თვეში, ევროკომისია გამოაქვეყნებს ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს, მათ შორის საქართველოსთვისაც. ამ ანგარიშს გაუზიარებენ წევრ სახელმწიფოებს და წევრი სახელმწიფოები განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას. რა სახის გადაწყვეტილებას მიიღებენ წევრი სახელმწიფოები – ეს ნამდვილად ისეთი რამაა, რაზეც სპეკულირება არ მინდა“, – თქვა ელჩმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად. მან ასევე აღნიშნა, რომ განმარტებები, რაც ევროკომისიამ მიიღო საქართველოს ხელისუფლებისგან წინა ანგარიშთან დაკავშირებით, დამაკმაყოფილებელი არ არის.
„როგორც ყველამ ვიცით, ევროკომისიამ საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა განმარტებები ვიზებთან დაკავშირებული ბოლო ანგარიშიდან რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ. ევროკომისიამ მიიღო პასუხი. როგორც მესმის, ეს პასუხი არ არის დამაკმაყოფილებელი. საქართველოს ხელისუფლებისგან მიღებული ამ პასუხის საფუძველზე, დეკემბერში გამოქვეყნდება ვიზების შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში. მას წევრ სახელმწიფოებს გაუზიარებენ და გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები მიიღებენ“, – თქვა ჰერჩინკიმ 12 ნოემბერს. ამ დღეს ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს საქართველოს ხელისუფლებასთან მის ურთიერთობაზეც, რაზეც თქვა, რომ მისთვის, „როგორც ევროკავშირის ელჩისთვის საქართველოში, არსებობს მოვალეობა, ღია კომუნიკაციის არხები ყველასთან ჰქონდეს“.
„რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან საუბარს ვცდილობ. ჩვენ ასევე კონტაქტში ვართ ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ სფეროსთან… ეს ნათელია ზუსტად ერთი კვირის წინ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული გაფართოების ანგარიშიდან. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას, ანგარიში დამანგრეველია. ანგარიშში ნათლად არის ნათქვამი, რომ ახლა საქართველო ევროკავშირისგან უფრო შორს არის, ვიდრე ორი წლის, 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას. საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რომ კურსი შეცვალოს და ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ბოლო პერიოდია მუდმივად ჩნდება კითხვები, შეუჩერდება თუ არა საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯების საპასუხოდ. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებიდან გაირკვა, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს განიხილავს „გარკვეულ ჯგუფებთან“ დაკავშირებით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“სფერო ჰოლდინგის” დირექტორი მოსამართლეს – ახალ წლამდე მომეცით ვადა პრობლემების მოგვარება მოვახერხო, თუ ვერ მოვახერხებ, დამაკავეთ, მაქვს კლაუსტროფობია, უცხოეთშიც ვერ მივდივარ – ჩვენი დაკავებით დაზარალებულთა რაოდენობა გაიზრდება