გასულ ღამეს, დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის “АГТРК-ს” შენობასთან სროლა იყო.
ასლან ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, “აფხაზური ტელევიზიის სტუდიის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 მანქანაში მყოფმა უცნობი პირებისგან შემდგარმა ჯგუფმა თანამშრომლების შიგნით ყოფნისას ჰაერში ცეცხლი გახსნა, რამაც დაძაბული სიტუაცია შექმნა.”
“წინასწარი ინფორმაციით, აქციის მიზანია ტელევიზიის თანამშრომლების დაშინება და რედაქციაზე ზეწოლა, ხოლო თანამშრომლები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის მიუხედავად, ცდილობენ გააგრძელონ თავიანთი მოვალეობის შესრულება – ობიექტურად გააშუქონ ქვეყანაში მიმდინარე ვითარება,” – წერს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური.
ტელეგრამ არხის, “Абхазский Портал-ის” ინფორმაციით, “პროსამთავრობო მედია დაჟინებით ცდილობს ხალხის დარწმუნებას, რომ რატომღაც რესტორანთან 15 მანქანაში უცნობი პირები მათ ესროდნენ და ეს სხვა არაფერია თუ არა თავდასხმა ტელევიზიაზე.”
“ფაქტობრივად, ყველაფერი, რაც მოხდა, ძალიან მარტივია – აფხაზურ ტელევიზიაზე თავდასხმისგან დამცველებმა ერთმანეთში იჩხუბეს და ცოტა ისროლეს კიდეც. სოხუმის მცხოვრებთა ნახევარმა ავტომატის სროლის ხმა გაიგო. თუმცა, პროსამთავრობო მედიამ, აფხაზეთის ტელევიზიის შენობაში შეიარაღებული ნახევრად კრიმინალების ყოფნისა და სახელმწიფო არხის ოფისში ცეცხლსასროლი იარაღით სეირნობის გასამართლებლად, დაიწყო ისტორიის მოყოლა, რომელიც თითქოს თავადაც დაიჯერეს,” – წერს ტელეგრამ არხი.
ტელეგრამ არხის, “Апсны Хабар-ი” წერს, რომ “ასლან ბჟანიას საინფორმაციო ცენტრი ასლან ბჟანიაზე მეტადაც კი იტყუება.”
“საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მსროლელები ჯერ უცნობი პირები იყვნენ 15 მანქანაში, შემდეგ “სავარაუდოდ ოპოზიციონერები”, მალე კი ისინი კან კვარჩია, ლევან მიქაა და ადგურ არძინბა აღმოჩნდებიან.
სროლის ყველაზე სავარაუდო წყაროდ ვხედავთ ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკით უკმაყოფილო ირინა აგრბას და ანი გუნიას. ის, რაც ოდესღაც სახელმწიფო ტელევიზია იყო, ირინა აგრბას სახელობის ტელევიზია გახდა და უკვე მესამე დღეა, აფხაზეთის მოჩვენებითი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პროპაგანდისტულ კონვეიერის რეკლამის გამწევია,” – წერს ტელეგრამ არხი.
“Апсны Хабар-ი” წერს, რომ მას შემდეგ, რაც ბჟანიამ “დაკარგა კონტროლი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტზე, საინფორმაციო ცენტრს უწევს ტყუილის, ტყუილისა და ისევ ტყუილის თქმა.”