სოხუმში ომის დროს დაზიანებულ მინისტრთა საბჭოს შენობას ახლით ჩაანაცვლებენ

აფხაზური მედიის ცნობით, ს დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ სოხუმის მერს, ტიმურ აგრბას დაავალა კონკურსის გამოცხადება მთავარი ადმინისტრაციული შენობის საუკეთესო პროექტის მისაღებად, რომელიც ყოფილი მინისტრთა საბჭოს შენობის ადგილზე უნდა აშენდეს.
“ამასთან, გუნბამ დააყენა პირობა, რომ შენობის ორივე ფრთა შენარჩუნდეს, რადგან ისინი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედიან”.
სოხუმში მინისტრთა საბჭოს თორმეტსართულიანი შენობა 1939 წელს აშენდა. ის აფხაზურმა შენაერთებმა სოხუმში 1993 წელს დაიკავეს. შენობაში ბოლომდე რჩებოდნენ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე ჟიული შარტავა და მისი თანხმლები პირები. 27 სექტემბერს შარტავა სწორედ ამ შენობაში აიყვანეს ტყვედ, მისი თანხმლები პირების ნაწილი კი, შენობის წინ დახვრიტეს.
„ 30 წელზე მეტია ეს შენობა სავალალო მდგომარეობაშია და არღვევს დედაქალაქის იერსახეს“, – თქვა გუნბამ და დაამატა, რომ შენობის აღდგენა ან ახალი ობიექტის აშენება სოხუმის მთავარ მოედანზე “უნდა გახდეს სიმბოლო არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის აღორძინებისა”.
შენობის განახლების გეგმები სოხუმში აქამდეც ჰქონიათ – რამდენიმე წლის წინ მაშინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ შენობის სასტუმროდ გადაკეთებაზე ისაუბრა, რამაც აფხაზური საზოგადოება აღაშფოთა.