სოხუმში, ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრილი მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს. ადგილობრივი მედია იუწყება გაზის გაშვების შესახებ.
„დაპირისპირება იზრდება და არის რისკი, გადაიზარდოს სისხლისღვრაში. ეს უკვე შეუქცევადი პროცესი იქნება“, – წერს „ნუჟნაია გაზეტა” ტელეგრამ-არხზე. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ტერიტორიაზე ისმოდა სროლის ხმა.
მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ სოხუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა რკინის ჭიშკარი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ. რკინის ზღუდე უკვე არაერთ ადგილას არის გარღვეული.
15 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხის განხილვა. ამ ხმაურიანი საკითხის დღის წესრიგში შეტანას ე.წ. დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი და სესია არ შედგა.
გავრცელებული ცნობებით, მომიტინგეები ახლა სესიის გამართვას და საკითხის საბოლოოდ ჩაგდებას მოითხოვენ და ასევე ითხოვენ იმ “დეპუტატების” სიას, რომლებიც დღევანდელ სესიაზე არ გამოცხადდნენ.
ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დილიდან იმართება სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგ – კენჭისყრა დღეისთვის იყო დაგეგმილი.
ადგილობრივი მედიის თანახმად, საპროტესტო აქციაზე ხალხი იკრიბებოდა რუსეთისა და აფხაზეთის დროშებით. ისმოდა შეძახილები: არ გაყიდოთ ქვეყანა, არ ჩაიდინოთ ღალატი. ე.წ. პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილების კოლონა ჩააყენეს და ჟურნალისტებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.
აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ხელშეკრულებას ეკონომიკის სტიმულირების საშუალებად თვლის, ხოლო ოპონენტებისთვის ეს აფხაზეთის ინტერესების დათმობის ტოლფასია.
ამ ხელშეკრულებით რუს ინვესტორებს მიენიჭებათ მრავალი სახის პრივილეგია, მათ შორის საგადასახადო პრივილეგიები და შესაძლებლობა, რომ მიწაც ჩაიგდონ ხელში. ოკუპირებულ ტერიტორიაზე შიშობენ, რომ რუსი ინვესტორების პრივილეგიები კონკურენციას მოსპობს და ადგილობრივ ბიზნესს გაანადგურებს.