სოხუმში ადამიანთა ჯგუფმა აფხაზეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის შენობის დაკავება სცადა, დაცვამ ისინი გამაფრთხილებელი სროლებით გააძევა, – ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2024 წლის 18 ნოემბერს, შუაღამის შემდეგ, აფხაზეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის შენობასთან ინციდენტი მოხდა. ადამიანების ჯგუფი, რომლებიც, სავარაუდოდ, ოპოზიციურ ძალებს წარმოადგენენ, ტელეკომპანიის ტერიტორიას მიუახლოვდა მაუწყებლობაზე კონტროლის დამყარების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დაცვის თანამშრომლები იძულებული იყვნენ, გამაფრთხილებელი გასროლა განეხორციელებინათ.
„ამ ქმედებებმა შესაძლებელი გახადა სიტუაციის სტაბილიზაცია და კონფლიქტის განვითარების პრევენცია“, – აღნიშნულია ე.წ. პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში.