“აპსადგილ ინფოს” ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს, პარლამენტის სესიაზე განსახილველად წარედგინათ კანონი “ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ”.
აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ამ ტერიტორიებზე აპარტამენტებისა და აპარტ-ოტელების მშენებლობას. პარლამენტის [დე ფაქტო] ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის, რეზო ზანთარიას განცხადებით, საპილოტე პროექტი 150 ჰექტარზე მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტით სულ 10000 ოთახია გათვალისწინებული.
ეს ბინები არ იქნება განკუთვნილი მუდმივ საცხოვრებლად.
გამგეობების [დე ფაქტო] განაცხადებს მშენებლობაზე მინისტრთა კაბინეტი [დე ფაქტო] განიხილავს.
შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია. მისი თქმით, ქვეყანაში 140 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქეა. მათგან 42 ათასი ოფიციალურად არის დასაქმებული, 30 ათასი თვითდასაქმებული, ხოლო 65 ათასი უმუშევარია. ბჟანიას თქმით, გლობალური პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელია ეკონომიკის განვითარება.
კომიტეტის წევრების კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის შემდეგ სესიაზე წარდგება.
აფხაზური ტელეგრამ არხების ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტის განხილვაზე არ შეუშვეს მედიის წარმომადგენლები. პარლამენტის [დე ფაქტო] წინ მობილიზებული იყო პოლიცია.
ტელეგრამ არხზე “D News Abkhazia” გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს მოქალაქე ჯანსუხ ადლეიბა, რომელმაც პოლიციის თანამშრომლების ინფორმაციით, ესროლა პოლიციელებს, მაგრამ მსხვერპლი არ მოჰყოლია.