სოხუმი უცხოური აგენტების შესახებ კანონის განხილვას აჭიანურებს – DRI
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა და ვნებათაღელვა არ დამცხრალა. ზეწოლის მიუხედავად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას განაგრძობენ, თუმცა, ინდივიდუალურ დონეზე თანამშრომლებს უჭირთ სტრესულ გარემოსთან გამკლავება და ბევრისთვის სამსახურის დატოვება ზეწოლისგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალია.
„ოკუპირებულ აფხაზეთში უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა და ვნებათაღელვა არ დამცხრალა. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც უცხოური აგენტის ფუნქციას ასრულებენ“ აფხაზეთის პარლამენტში ჯერ კიდევ 2024 წლის 7 თებერვალს წარადგინა. თუმცა, თბილისისგან განსხვავებით, სადაც პარლამენტმა რუსული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ორ თვეზე ნაკლებ დროში სამი მოსმენით მიიღო, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს კანონპროექტის განხილვა ჯერ არ დაუწყია.
2024 წლის 11 აპრილს აფხაზეთის ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მიმართა, რომელიც, მათი შეფასებით, საფრთხეს უქმნის აფხაზეთის ნაციონალურ ინტერესს, კონსტიტუციურ წესრიგსა და მოქალაქეების თავისუფლებას. ამასთან, ოპოზიცია მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პრეზიდენტს საერთო სახალხო კრების მოწვევით დაემუქრა. სავარაუდოა, რომ კანონპროექტის მოსმენების გაჭიანურება დაკავშირებულია მოსალოდნელი არეულობებისა და დაპირისპირების შიშთან, რაზეც მიანიშნებს კანონპროექტთან დაკავშირებით არაერთი მოლაპარაკების და სხდომების მოწვევა (თბილისისგან განსხვავებით), მათ შორის, ჟურნალისტების, ოპოზიციური მხარისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. თავის მხრივ, ასლან ბჟანია იმუქრება, რომ კანონპროექტის გაწვევას არ აპირებს, ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებები ხელს უშლის აფხაზეთსა და რუსეთს შორის მეგობრულ ურთიერთობების განვითარებას და აუცილებელია, მათ შეეზღუდოთ, ზოგიერთ შემთხვევაში კი, საერთოდ აეკრძალოთ აფხაზეთში საქმიანობა.
კანონპროექტთან დაკავშირებით აფხაზურ საზოგადოებაში მღელვარებამ მას შემდეგ მოიმატა, რაც საქართველოს პარლამენტმა კანონი 2024 წლის 15 მაისს მესამე მოსმენით მიიღო. ბავშვთა ფონდის თავმჯდომარის, ასიდა ლომიას განცხადებით, მართალია, ბევრი მოწინააღმდეგე გამუდმებით უსვამს ხაზს აფხაზეთსა და საქართველოს შიდაპოლიტიკურ ორიენტირებზე კანონის გავლენის სხვაობას, თუმცა გარკვეული შედარებები და მსგავსებები სახეზეა. „იმედს ვიტოვებთ, რომ ეს სულელური მაგალითი ყოველთვის გადამდები არ იქნება“ – განაცხადა მან.
მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო მთავრობის ზოგიერთ რგოლში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა აშკარაა, გალში საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლების დაშინების პრაქტიკა გრძელდება.
კანონის არარსებობის მიუხედავად, დე ფაქტო უშიშროების სამსახური აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისთვის ხელის შეშლას და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აგრძელებს. აპრილში, ჩხრეკის საბაბით, დე ფაქტო უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლებმა ოკუპირებულ გალში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში რეიდები ჩაატარეს – ორგანიზაციებიდან ამოიღეს დოკუმენტაცია, კომპიუტერული ტექნიკიდან გადაწერეს მასალები, „ინდივიდუალურად გამოკითხეს“ თანამშრომლები. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ გამოკითხვების მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებისა და „საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლო საქმიანობის“ კვალის პოვნა.
ზეწოლის მიუხედავად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები საქმიანობას განაგრძობენ, თუმცა, ინდივიდუალურ დონეზე თანამშრომლებს უჭირთ სტრესულ გარემოსთან გამკლავება და ბევრისთვის სამსახურის დატოვება ზეწოლისგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალია.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური პოლიტიკური ელიტის ნაწილი აჩვენებს რუსეთის გავლენისადმი მედეგობას, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის მტრულად განწყობილი ფრთისთვის, უცხოური გავლენის აგენტების რუსული კანონის მიღებამდე ან მის გარეშეც, რეიდები და დაშინება კვლავ რჩება საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შევიწროების და მათი მეთოდური გაძევების დამხმარე სტრატეგიად,“ – აღნიშნულია DRI-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.