“იზვესტიაში” გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც მოყვანილია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 3 დეკემბრის კომენტარი, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა უწყება გამოეხმაურა.
“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია ობიექტურად ასახავს დღეს არსებულ რეალობას. თბილისის წინაპირობა რომ რუსეთმა უარი თქვას აფხაზეთის რესპუბლიკის როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარებაზე, დიალოგს ართმევს კონსტრუქციულ საფუძველს. რუსეთის მიერ აფხაზეთის დაბლოკვისკენ.
“პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, რეგიონს აქვს პოტენციალი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე პრაქტიკული თანამშრომლობისათვის. ამას მოწმობს რუსეთისა და საქართველოს შორის მზარდი სავაჭრო ბრუნვა, რეგიონში მდებარე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კორიდორების საშუალებით გაზრდილი ტვირთბრუნვა, ავიამიმოსვლის, ტურისტული და კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება. აფხაზეთის რესპუბლიკა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, მხარს უჭერს სტაბილურობას და მზად არის პრაქტიკული დიალოგისთვის ფართო საკითხთა სპექტრზე, მათ შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მიმართულებების შესახებ. ასეთი დიალოგი მხოლოდ არსებული პოლიტიკურ-სამართლებრივი რეალიების გათვალისწინებით არის შესაძლებელი. რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობა წარმოადგენს აფხაზეთისა და მთლიანად რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების საფუძველს. ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საქართველოს მხრიდან საჭიროა კონსტრუქციული მიდგომა, ულტიმატუმებისგან თავის შეკავება და დიალოგის დაბლოკვის პოლიტიკის შეწყვეტა”, – აღნიშნულია კომენტარში.
“რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუმცა ჯერჯერობით ვერ ხედავს პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობებს”, – განუცხადეს “იზვესტიას” [„Известия“] რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მოსკოვის პოზიციით, პრობლემა ის არის, რომ თბილისი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას უკავშირებს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქმას.
“რუსეთი კი ამ მოთხოვნას არარეალისტურად მიიჩნევს”.
“პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები არ არსებობს, რადგან თბილისი მიჰყვება სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩამოყალიბებულ პოზიციას, რომელიც დიპურთიერთობების აღდგენას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმას უკავშირებს. ეს საქართველოსთვისვე საზიანო და არარეალისტური მოთხოვნაა. მოსკოვი მიუთითებს, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილება შეუქცევადია”.
ამის მიუხედავად, სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ რუსეთი მზადაა ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზებისთვის, იმ მოცულობით, რამდენადაც ამას თბილისი თავად მიიჩნევს შესაძლებლად.
“ბურთი საქართველოს მხარესაა, რომელსაც, როგორც გვჯერა, ყველაზე მეტად უნდა აინტერესებდეს ამის მიღწევა”.




