სოხუმი აპროტესტებს ერევნის პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების ილია დარჩიაშვილისა და არარატ მირზოიანის განცხადებებზე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის შესახებ, რომელიც 3 ივლისს გაკეთდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტის დროს.
უწყება [დე ფაქტო] წერს, რომ “ს რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის სუვერენული სტატუსი გათვალისწინებულია აფხაზეთის რესპუბლიკის 1994 წლის კონსტიტუციით და დადასტურებულია 1999 წელს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ აქტით, რომელიც სახალხო რეფერენდუმის შედეგად არის მიღებული”.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობამ “დაიცვა სამშობლო ქართველი აგრესორებისგან” ათასობით ადამიანის სიცოცხლის ფასად.
“ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, არ გამოიყენოს სტერეოტიპული ფრაზები საქართველოს მითური ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რომლებიც ეწინააღმდეგება ობიექტურ რეალობას.
ჩვენ ასევე გავამახვილეთ ყურადღება სომხური მხარის პოზიციის სერიოზულ ცვლილებაზე, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კენჭი უყარა აბსოლუტურად მიკერძოებულ რეზოლუციას “აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობასთან დაკავშირებით, ” – წერია განცხადებაში.
დე ფაქტო უწყება აღნიშნავს, რომ შემაშფოთებელია სომხეთის წარმომადგენლების მიერ ამ რეზოლუციის მხარდაჭერა, იმის გათვალისწინებით, რომ სომხურ დიასპორას აფხაზეთის [დე ფაქტო] “დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებისა და განმტკიცების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს”.
“აფხაზეთის სომხური დიასპორის მრავალი წარმომადგენელი ჩვენი რესპუბლიკის გამოჩენილი პატრიოტია და აფხაზი ხალხის გვერდით, იარაღით ხელში, იცავდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ქართველი აგრესორებისგან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში სომხეთის ხელმძღვანელობა სწორ დასკვნებს გამოიტანს შექმნილი სიტუაციიდან და შეასწორებს თავის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით” – აცხადებს დე ფაქტო უწყება.
განცხადებაში ქართული მხარის პოზიციასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ მათ დეკლარაციული ხასიათი აქვთ.
“საქართველოს წარმომადგენლები უნდა შეეგუონ არსებულ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც წარმოიშვა 1992-1993 წლებში საქართველოს სამხედრო დამარცხების შედეგად.
ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქართულ მხარეს გადადგას ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და ხელი მოაწეროს შეთანხმებას აფხაზეთის რესპუბლიკასთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ” – წერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.